ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილს ავტორიტარიზმი ახასიათებს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ფრაგმენტებად დაშლილ პარტიაში
რეალურად თუ შევხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მრავალ ფრაგმენტად და ჯგუფად არის ჩამოყალიბებული, ამ პროცესებზე ექსკლუზიურ უფლებას მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დაპირისპირებაა არა მხოლოდ მოქმედ თავმჯდომარესა და კანდიდატს შორის არის.
„მიხეილ სააკაშვილი მის მიერ დაყენებულ კანდიდატურას, ნანუკა ჟორჟოლიანს ერთ სიტყვას არ ჰპატიობს, ისეთს, რომელიც შეიძლება, მისი თავისუფალი ინტერპრეტაციით იყოს განპირობებული. ანუ, მკაცრად მიუთითებს, რომ ის უნდა იყოს მისი ნების და პოლიტიკური აზრის გაგრძელება პარტიაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილს ავტორიტარიზმი ახასიათებს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ფრაგმენტებად დაშლილ პარტიაში. ნანულა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა პოლიტიკაში არიან და მათ ინტერესი აქვთ, „ნაცმოძრაობის“ მემკვიდრეობის განმკარგავი ვინ იქნება. მათ პრეტენზია აქვთ, რომ ეს მემკვიდრეობა მის სასარგებლო პოლიტიკურ აქტივად აქციონ. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ეს მემკვიდრეობა უნდა იყოს მხოლოდ მისი ექსკლუზიური განკარგვის ქვეშ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.