სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა
ტაილანდში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს,
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, სტაბილური ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგად საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი, ქვეყნის საგარეო პოზიციები კი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
აღინიშნა, რომ 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წლიურმა ინფლაციამ 5.6%, საბაზო ინფლაციამ 3.5%, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ფასებზე ფუნდამენტური ინფლაციური ზეწოლა შედარებით ზომიერია. ხაზი გაესვა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა დიდწილად მიწოდების მხარეს მოქმედი შოკებით, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებით აიხსნება.
„ჩვენი პრიორიტეტია, არ დავუშვათ ამ შოკების ფართოდ გავრცელება შიდა ინფლაციურ პროცესებში ინფლაციური მოლოდინებისა და მეორე რაუნდის ეფექტების მეშვეობით. ინფლაციის შედარებით ხისტი მაჩვენებლები მთლიან ინფლაციაზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება. საშუალოვადიანი პროგნოზი კვლავ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და სასაქონლო ფასებთან დაკავშირებულ რისკებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და დადებითად შეფასდა 2026 წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი. რეზერვები სსფ-ის ARA მეთოდოლოგიით განსაზღვრული ადეკვატურობის მაჩვენებლის 128.7%-ს შეადგენს.
აღინიშნა, რომ რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობამ, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებამ და ფინანსური ნაკადების უწყვეტმა შემოდინებამ, ამასთან რეზერვების დაგროვების პოლიტიკა მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს შეფასებისას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.