სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა.

საქმე ძირითადად ეხებოდა განმცხადებლების საჩივრებს 2008 წლის 9-დან 11 აგვისტომდე პერიოდში სამი ქართველი სამხედრო ტყვეს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. ასევე 2008 წლის 9-დან 19 აგვისტომდე პერიოდში სხვა გადარჩენილი სამხედრო ტყვეების სავარაუდო წამებას. საქმეებს შორისაა ასევე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები დაარღვია.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა: მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება და გამოძიება) დარღვევა ბატონი უშანგი სოფრომაძის, ბატონი კახაბერ ხუბულურის და ბატონი გიორგი ანწუხელიძის პატიმრობაში გარდაცვალებით. მე-3 მუხლის (არასათანადო მოპყრობა და გამოძიება) დარღვევა უშანგი სოფრომაძის, კახაბერ ხუბულურის, გიორგი ანწუხელიძის, დავით მალაჩინის, ზაზა კავტიაშვილის, იმედა ქუტაშვილის, მალხაზ მელაძის და კახაბერ ზირაქაშვილის წამებით“, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამასთან, სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში გადაიხადოს კომპენსაცია არამატერიალური ზიანისთვის. კერძოდ 65 000 ევრო უშანგი სოფრომაძის ოჯახს; 65 000 ევრო კახაბერ ხუბულურის ოჯახს; 65 000 ევრო გიორგი ანწუხელიძის ოჯახს; 40 000 ევრო კი თითოეულ დანარჩენ მომჩივანს.

სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეიტანა.