ლატვიის პრემიერ-მინისტრი: ზელენსკის ერთადერთი მოკავშირე ახლა ევროპაა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: ზელენსკის ერთადერთი მოკავშირე ახლა ევროპაა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს და ეს ევროპაა, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა, აშშ-სა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს ზელენსკი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისგან რუსეთისთვის დიზელის მიწოდების შესახებ შეთანხმებისა და უკრაინისთვის სადაზვერვო დახმარების დროებითი შეზღუდვის გამო თავი მოტყუებულად იგრძნო.

„ვხედავთ, რომ ზელენსკის ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს და ეს, ფაქტობრივად, ევროპაა“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იქნება ის, თუ რა სჭირდება უკრაინას ზამთრის გადასატანად.

„ყველაფერი ამ ზამთარს უკავშირდება“, - აღნიშნა მან.

სააგენტოს ცნობით, ტრამპმა კრემლის წინააღმდეგ მოქმედი ენერგეტიკული სანქციების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა შეასუსტა, რათა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ენერგომატარებლებზე ფასები შეემცირებინა. ამასთან, მან კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიანიშნა, რომ ზელენსკიმ შესაძლოა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

„ისიც უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატები ახლა შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. საარჩევნო პერიოდი სრულიად განსხვავებულ გარემოს ქმნის“, - განაცხადა კულბერგსმა.