იგნაციო კასისი: შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას

იგნაციო კასისი: შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას

ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია. შევხვდები პრემიერ-მინისტრს დღეს. საქართველოს და შვეიცარიას აქვს მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს. ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, - განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგნაციო კასისმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ვაჭრობა.

„შვეიცარიაში საქართველოს ექსპორტმა გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს და შვეიცარიის ექსპორტმა 190 მილიონს მიაღწია. ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები.

მეორე ელემენტი გახლავთ ნდობა, რომელიც ცენტრშია ჩვენი ურთიერთობის. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ამის გახლავთ შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ 2009 წლიდან ავიღეთ და ასახავს ორ ქვეყანას შორის ნდობას“, - აღნიშნა მან.

კასისმა უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კონფრონტაციის რისკი ევროპაში მაღალი რჩება. მისივე თქმით, ეუთოს ღირებულება ისაა, რომ ყველა მხარე ერთ მაგიდასთან ზის და იქმნება დიალოგის შესაძლებლობა.

„მე მინდა შეგახსენოთ, რომ სომხეთიდან ჩამოვედი გუშინ, აგვისტოს მეორე ნახევარში აზერბაიჯანში ვიყავი. ამ რეგიონის წინაშე მყოფი გამოწვევები გახლავთ ჩვენი განხილვის ცენტრალური საკითხი. როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს რომელიც ევროპის კონტინენტის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას მსოფლიო ამოტრიალდა და უსაფრთხოება აღარ არის ისე უზრუნველყოფილი ისე როგორც წლების წინ. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი კონფრონტაციის რისკი მაღალი რჩება. მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობას და ეუთოს ღირებულება გახლავთ ის, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პოზიციები განსხვავებული იყოს. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის. ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ყველა მზადაა ერთმანეთს მოუსმინოს და ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთოს როლს და მის წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში. შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და მომავალში ელის ამ კავშირების გაძლიერებას.

ქალბატონო მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელით და მოგესალმებით ისევე თბილად, როგორც თქვენ დღეს მიმიღეთ“, - განაცხადა კასისმა.