ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე სპეციალური ტექნიკა.

გუშინ, მდინარის ადიდების შედეგად, წყალი საავტომობილო გზაზე გადმოვიდა და უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. პარალელურად, ამავე გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის 92-151კმ მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის უშგული-ლასდილის მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„წყლის დონის დაწევისთანავე დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ადგილზე სრულად მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა. იმედს ვიტოვებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევძლებთ ავტოტრანსპორტის გადაადგილების სრულად აღდგენას“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ორმოცაძემ.