ირაკლი კობახიძე: მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე
მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მან „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომასა და უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ილაპარაკა. მისივე თქმით, ორივე შეკრებას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ ორივე შეხვედრაზე განიხილეს როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
„როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილული იყო როგორც ერთ, ისე მეორე შევედრაზე.
რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება და მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.