იმერეთში კიდევ სამი სალოტბარო სკოლა გაიხსნა

იმერეთში კიდევ სამი სალოტბარო სკოლა გაიხსნა

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა.

ხარაგაულის ექვსი სოფლის ხევის, ხუნევის, გედსამანიის, ვაშლევის , ბორითისა და ვერტყვიჭალას მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და ნებისმიერი მსურველისათვის სალოტბარო სკოლები გაიხსნა.

ხუნევის სალოტბარო სკოლა სამ სოფელს: ხევს, გედსამანიას და ხუნევს აერთიანებს და ხუნევის საჯარო სკოლაში განთავსდა. სკოლის ლოტბარ – რეგენტია გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუჯა არევაძე.

ვერტყვიჭალის სალოტბარო სკოლამ სოფლის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყო ფუნქციონირება. პედაგოგია , ასევე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე ჭანიშვილი.

ბორითისა და ვაშლევის სალოტბარო სკოლა კი განთავსებულია სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში და მისი ლოტბარია ნიკა ბორჩხაძე , გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ახალ სალოტბარო სკოლებში უკვე გაიარა მოსმენა და დარეგისტრირდა 60 ბავშვი, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს მხარდაჭერით დაეუფლებიან.