შალვა პაპუაშვილი: მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინას შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს
მთავარი საკითხები, რაზეც პარლამენტის წევრებსაც ჰქონდათ ინტერესი პოლიტსაბჭოზე, იყო ის, რომ მოესმინათ ბატონი ბიძინასგან მისი შეფასებები ზოგადად პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. არ არის იოლი გარემო ჩვენს გარშემო, აინტერესებდათ, როგორ აფასებს ის ამ საკითხების გავლენას საქართველოზე, შიდა პოლიტიკაზე, თუ როგორ ხედავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ტემპებს და ეკონომიკური მიმართულებით და მსგავს საკითხებზე იყო საუბარი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრების დროს უფრო გლობალურ და ფართო საკითხებზეა ხოლმე მსჯელობა და ნაკლებად რაიმე კონკრეტულ საკითხებზე.
„თავად ბატონ ბიძინასაც სურდა პოლიტსაბჭოსთან შეხვედრა, ვინაიდან დიდი დრო იყო გასული ბოლო ასეთი შესაძლებლობიდან. ფაქტობრივად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში სხვადასხვა ფართო ჯგუფებთან კომუნიკაციის შემდეგ ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონია გუნდს. ამიტომ ბატონი ბიძინას სურვილიც იყო, რომ გვესაუბრა ამ საკითხებზე.
ვნახეთ ჩვენ რამდენიმედღიანი აჟიოტაჟი, რომელიც მედიამ მოაწყო და ჩემი რჩევა იქნება, რომ ცრუ მოლოდინები არ უნდა ჩამოაყალიბოთ, რომელიც თავიდანვე იცით, რომ ცრუა, რადგან თქვენ მიმართ ისედაც არ არსებული ნდობა ქვემოთ იწევს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.