გოგა ხაინდრავა ოპოზიციურ პარტიებზე: ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი, ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი
ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი. რა ნიშნავს აკრძალვა? ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი,- ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ, ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე საუბრისას გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
მისი თქმით, ფილმ „ჰეროკრატიაში“ ნაჩვენები ყველა სცენა სიმართლეა და ამის უამრავი მოწმეც არსებობს. ხაინდრავა აცხადებს, რომ დასავლეთმა იცოდა, თუ რა ხდებოდა ციხეებში და ამის მიუხედავად, დამნაშავე რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა.
„სანამ აქ შემოვიდოდი, ნაწყვეტები ვნახე „ჰეროკრატიიდან“, მე ადრეც მაქვს ნათქვამი და ახლაც ვიმეორებ: სახარებაზე ხელს დავდებ, გარდა კინემატოგრაფიული მომენტებისა, ყველაფერი სიმართლეა, რაც იქ არის ნაჩვენები. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ახალგაზრდა ბიჭს აბამდნენ გვამს და 24 საათის განმავლობაში მორგში ჰყავდათ მიბმული გვამზე, ახალგაზრდა ბიჭი? 6-ადგილიან საკანში 48 კაცი; ერთი კვირა, ერთი თვე ტუალეტის ქაღალდს არ აძლევდნენ და ტანსაცმელს ახევდნენ და იმას ხმარობდნენ. აღარაფერს ვამბობ იმ უბედურებაზე, რისი ხსენებაც აღარ მინდა, რასაც კადრულობდნენ კაცების მიმართ. ეს ხომ ყველაფერი სიმართლეა, ეს ხომ ყველაფერი ეგრე იყო. მე კადრები მაქვს ციხეში გადაღებული, სადაც, გლდანის პატიმრები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, ოღონდ სიმართლე გადაიღე და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობასო. სცენა რომ არის, ვენებს რომ იჭრიან პატიმრები - ეგ 12 კაცი, ვინც დგას, არიან გლდანის ყოფილი პატიმრები, არც მსახიობები არიან და არც არანაირი კავშირი ჰქონდათ კინოსთან, უბრალოდ, იმდენად იყვნენ გამწარებულები, ისე უნდოდათ, რომ ეს სიმართლე გასულიყო და საზოგადოებას სცოდნოდა. რამდენად გაუბედურებული და გადაგვარებული არის ეს მსოფლიო დემოკრატიული სამყარო ამ ევროპის თამადობით და ამერიკის ჩათვლით, რომ აი ამ უბედურებას, ამ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და მე ამას მიზანმიმართულად ვაცხადებ - ეს იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაც რასაც ადგილი ჰქონდა გლდანის ციხეში - ეს ყველაფერი იცოდნენ, და ამ ბოროტმოქმედებს "დემოკრატიის შუქურას" ეძახდნენ. ეგენი უნდა გასამართლებულიყვნენ. პოლიტიკიდან კი არ უნდა მოაშორო, უნდა გაასამართლო "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყველანი. ზურა შარვალჩახდილი ჯაფარიძე რომ არის, იმან განაცხადა პირდაპირ, რომ ჩვენ ვიცოდით რა ხდებოდა ციხეებშიო. ეს არის სიმართლე ყველაფერი და უამრავი მოწმება იმის, რაც ამ ფილმშია გადაღებული. 900 ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი, უბრალოდ, თითქმის ყველა მთხოვდა, რომ გვარს და სახელს ნუ დაასახელებ ჩემსასო, იმიტომ, რომ რცხვენოდათ. ისეთი სცენები იყო, რომ უბრალოდ, ვერ გადავიღეთ, ჩემს თავს უფლება ვერ მივეცი და ლაპარაკი არის პარტიის აკრძალვაზე. პარტიის აკრძალვა კი არა, გასასამართლებელი არიან ყველანი," - განაცხადა ხაინდრავამ.