ბადრი ჯაფარიძე – მთავარი ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი იმ უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება, მოიტანოს „ქართული ოცნების“ ავანტიურამ

ბადრი ჯაფარიძე – მთავარი ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი იმ უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება, მოიტანოს „ქართული ოცნების“ ავანტიურამ

ჩვენი ამოცანაა, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი ყველამ ერთად დავიცვათ იმ შესაძლო უმძიმესი ზიანისგან, რომელიც შეიძლება, ჩვენ ქვეყანასა და ჩვენ ხალხს მიადგეს „ქართული ოცნები“ მიერ წამოწყებული ავანტიურის შედეგად, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებსა და დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„იყვნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები, მაგრამ მთავარი თემა არის ის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის მას „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა. მთავარი ამოცანაა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ხალხი იმ შესაძლო უმძიმესი შედეგებისგან, რომელიც შეიძლება, მოუტანოს ამ ავანტიურამ და ეს არის ძირითადი განხილვის საგანი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ის აპირებს დაესწროს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებით განხილვას, რომელიც ხვალიდან უნდა დაიწყოს.

„მე ვაპირებ, რომ დავესწრო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა პოზიცია ჰქონდათ ელჩებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ პროცესთან დაკავშირებით, როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ელჩებთან „სასამართლოს თემებს არ განიხილავენ“.

„ჩვენ სასამართლოს თემებს არ განვიხილავთ. სასამართლოს თემები ეს არის ჩვენი თემები. ჩვენ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო შესაძლო ზიანისგან, რომელიც შეიძლება, მიაყენოს„ ქართულმა ოცნებამ“ თავისი მოქმედებით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბადრი ჯაფარიძე („ლელო – ძლიერი საქართველო“), ირაკლი ფავლენიშვილი („ნაციონალური მოძრაობა“), გიგა ბოკერია („ფედერალისტები“), ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებებისთვის“).