ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში AIFC Connect: Tbilisi 2026-ში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში AIFC Connect: Tbilisi 2026-ში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თბილისის ფინანსური სამიტი“-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში - AIFC Connect: Tbilisi 2026 - მიიღო მონაწილეობა. ინფორმციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ღონისძიება ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, გლობალურ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ქსელთან (GFTN) და ITS-თან პარტნიორობით გაიმართა. მისი მიზანი საქართველოსა და ყაზახეთს შორის ფინანსური თანამშრომლობის გაღრმავება, კაპიტალის ბაზრებზე ტრანსსასაზღვრო წვდომის გაფართოება და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა იყო.

მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებისა და ფინანსური სექტორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ყაზახეთის მარეგულირებელ ორგანოებს შორის თანამშრომლობაზეც. მისი თქმით, ასტანას ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოსთან (AFSA) გაფორმებული შეთანხმება კაპიტალის ბაზრებზე ორმხრივი წვდომის გაუმჯობესებისა და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველია.

„ეს ინიციატივები ასახავს ჩვენს საერთო მიზანს: გავაძლიეროთ რეგიონული ფინანსური დაკავშირებულობა, წავახალისოთ ტრანსსასაზღვრო ინვესტიციები და დავაახლოოთ საქართველოსა და ყაზახეთის ფინანსური ბაზრები“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა აქტივების მართვის სექტორში არსებულ პროგრესზეც. მისი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსების საერთაშორისო პლატფორმებზე, მათ შორის Bloomberg-ზე, გამოქვეყნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. მან ასევე ისაუბრა საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

„2025 წელი რეკორდული იყო საჯარო კორპორატიული ობლიგაციების ემისიის კუთხით - ახალმა ემისიებმა 1.57 მილიარდ ლარს მიაღწია, რომელთა უმეტესობაც ლარში იყო დენომინირებული. ეს ასახავს ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მზარდ როლს და როგორც ემიტენტების, ისე ინვესტორების ნდობას ჩვენი ბაზრის მიმართ“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

AIFC Connect: Tbilisi 2026-ის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „ორმხრივი წვდომისა და აღიარების პროექტი“ - ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს პრაქტიკული მექანიზმების ჩამოყალიბებას AIFC-სა და საქართველოში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრის სხვა მონაწილეებისთვის ბაზრებზე ორმხრივი წვდომის გასამარტივებლად.

ინიციატივის მნიშვნელოვანი საფუძველია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის 2026 წლის 9 სექტემბერს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი. შეთანხმება ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრებზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობას, საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერებასა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობას.

AIFC Connect: Tbilisi 2026-ში მონაწილეობდნენ საქართველოსა და ყაზახეთის მარეგულირებელი ორგანოების, ბანკების, საინვესტიციო კომპანიების, საფონდო ბირჟებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები.