Associated Press: საფრანგეთიდან ალბანეთამდე - სოციალური პროტესტი ევროპის ქუჩებში არეულობას იწვევს
ევროპაში საწვავის გაძვირებამ, სკოლების მდგომარეობით უკმაყოფილებამ, საჯარო სერვისების გაუარესებამ და საცხოვრებლის კრიზისმა საპროტესტო გამოსვლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი გარემო შექმნა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, ევროპის მსხვილ ქალაქებში მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან. საფრანგეთში, იტალიასა და ალბანეთში აქციებს მოჰყვა დაკავებები, მაღაზიების ძარცვა, დაშავებულები და ძალადობრივი დაპირისპირებები. ესპანეთსა და პორტუგალიაში კი მომიტინგეებმა კარვების ქალაქები მოაწყვეს, რათა საცხოვრებლის მიუწვდომელი ფასები და ქირის ზრდა გააპროტესტონ.
„ახალგაზრდა ევროპელები ძლიერ გაურკვევლობასა და კონტროლის დაკარგვის განცდას განიცდიან“, - განაცხადა ესპანეთის დეუსტოს უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორმა მარია სილვესტრემ. მისი თქმით, როდესაც კონკრეტული პრობლემები ერთმანეთს ემთხვევა, შესაძლოა ერთმა ნაპერწკალმა დაგროვილი უკმაყოფილება ააფეთქოს და ადამიანები ქუჩაში გამოიყვანოს.
როგორც სააგენტოს ვრცელ სტატიაშია აღნიშნული, ევროპის ქუჩებში ვითარება სულ უფრო დაძაბულია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში, მნიშვნელოვანი არჩევნები ახლოვდება. გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტიებმა საარჩევნო წარმატებას უკვე მიაღწიეს და მსგავსი შედეგების გამეორება სხვა ქვეყნებშიც შეუძლიათ.
ამავე დროს, ევროპა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მნიშვნელოვან ეტაპზეა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებისკენ მიმართულ ნაბიჯებს დგამს, მაშინ როდესაც რუსეთს ნატოს წევრ ქვეყნებში გახშირებულ ჰიბრიდულ თავდასხმებში ადანაშაულებენ.
მემარჯვენე პოლიტიკოსები შექმნილ ქაოსს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მონაწილეობით მიმდინარეობს, ტრამპმა არეულობაში პასუხისმგებლობა მიგრანტებს დააკისრა.
ბევრი საპროტესტო აქციის მთავარი მამოძრავებელი ძალა უკმაყოფილო ახალგაზრდები არიან. ძალადობის ესკალაციაში მონაწილეობენ შავებში ჩაცმული და ნიღბიანი პროვოკატორებიც, თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებასა და პოლიციას არ განუცხადებია, რომ არეულობის უკან მიგრანტები დგანან.