თაიმს-სქვერზე დანით შეიარაღებული ქალი გამვლელებს დაესხა თავს და Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი მოკლა
ნიუ-იორკში ორი დანით შეიარაღებული ქალი თაიმს-სქვერზე გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა Bank of America-ს ვიცე-პრეზიდენტი ერინ პიაჩენტი.
პოლიციის კომისრის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის პამელა სისნეროსია. თავდაპირველად ის 68 წლის როდ-აილენდელ ტურისტს მიუახლოვდა, რომელიც მეუღლესთან ერთად გადასასვლელთან იდგა და დანა მუცელში ჩაარტყა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ამის შემდეგ სისნეროსი ანალოგიურად დაესხა თავს პიაჩენტის და მასაც დანა მუცლის არეში ჩაარტყა. პიაჩენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმის მოწმეებმა პოლიციელებს დაუძახეს, რომლებმაც სისნეროსი ალყაში მოაქციეს და იარაღის დაყრა მოსთხოვეს. ქალმა უპასუხა, რომ „ურჩევნია ორივე მოკლას“ და პოლიციელებისკენ გაემართა. მათ ცეცხლი გახსნეს და სისნეროსი დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
Bloomberg-ი წერს, რომ LinkedIn-ის პროფილის თანახმად, ერინ პიაჩენტის ბანკში ბიზნესის შერჩევისა და კონფლიქტების მოგვარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
სისნეროსის თავდასხმის მოტივები უცნობია. პოლიციის კომისრის განცხადებით, თავდამსხმელი წარსულში პასუხისმგებლობაში მიცემული არ ყოფილა, თუმცა დეპარტამენტის მასალებში დაფიქსირებულია 2018 და 2019 წლების ორი ეპიზოდი, რომლებიც ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება.