BBC: ბრიტანელი პრემიერი მოსახლეობას სასმელი წყლისა და დაკონსერვებული საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს

BBC: ბრიტანელი პრემიერი მოსახლეობას სასმელი წყლისა და დაკონსერვებული საკვების მომარაგებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, შესაძლო კრიზისებისთვის მოსამზადებლად სახლში სასმელი წყლისა და არამალფუჭებადი საკვების სამდღიანი მარაგი შეინახონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემის განცხადებით, ბოლო პერიოდში მოულოდნელი მოვლენები სულ უფრო გახშირდა, რის გამოც მოსახლეობამ გონივრული პრევენციული ზომები უნდა მიიღოს.

დიდ ბრიტანეთში ამინდის გაუარესებისა და ძლიერი შტორმების ფონზე, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მოემზადოს ისეთი საგანგებო ვითარებებისთვის, როგორიცაა ომი, კიბერშეტევა ან სტიქიური უბედურება.

„ეს არ ნიშნავს პანიკის საფუძველზე პროდუქტების მასობრივ შეძენას. საუბარია გონივრული ზომების მიღებაზე, რათა სახლში საკმარისი მარაგი გქონდეთ და რთულ ვითარებაში გარკვეული დროის განმავლობაში მისი დახმარებით გაძლოთ“, - განაცხადა ენდი ბერნემმა BBC-თან საუბრისას.

ბერნემის თქმით, მოულოდნელი მოვლენები სულ უფრო ხშირად ხდება. მან მაგალითად მოიყვანა ძლიერი შტორმები და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა კორნუოლში.

მთავრობის რეკომენდაციით, თითოეულმა ადამიანმა უნდა მოიმარაგოს ცხრა ლიტრი წყალი, რაც სამი დღის საჭიროებისთვის არის გათვლილი, ასევე - ხანგრძლივად შესანახი საკვები, მათ შორის ხორცისა და ბოსტნეულის კონსერვები ან ჩირი.

საგანგებო მარაგების სიაში შედის ბატარეებზე მომუშავე ან ხელით დასატენი FM რადიომიმღებიც. ეროვნული კრიზისის დროს BBC პრიორიტეტულად გაავრცელებს ახალ ამბებსა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციას. ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვის შემთხვევაში კი FM რადიო ასეთი ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო საშუალებად არის მიჩნეული.

მოსახლეობას ასევე ურჩევენ, მოიმარაგოს ხელის სადეზინფექციო საშუალებები, სველი ხელსახოცები, ჰიგიენის ნივთები, შინაური ცხოველებისა და ჩვილებისთვის საჭირო პროდუქტები, ფანრები, საბნები, მობილური მოწყობილობებისთვის დამუხტული გარე აკუმულატორი, ნაღდი ფული იმ შემთხვევისთვის, თუ გადახდის ელექტრონული სისტემები შეფერხდება, პირველადი დახმარების ნაკრები და მნიშვნელოვანი დოკუმენტების ასლები.

ბრიტანეთის ხელისუფლების რეკომენდაციები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ თვეში ეროვნული აუდიტის სამსახურმა ქვეყნის სურსათის მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული რისკების შესახებ გააფრთხილა. უწყების შეფასებით, კიბერშეტევებისა და კლიმატური კრიზისის მზარდი საფრთხეების ფონზე, გარემოს დაცვის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს ბოლო წლებში მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გასაუმჯობესებლად საკმარისი ზომები არ მიუღია.

ენდი ბერნემმა უარყო მოსაზრება, რომ მთავრობამ საგანგებო სიტუაციებისთვის მზადება სათანადოდ ვერ უზრუნველყო. მისი თქმით, ხელისუფლება მოსახლეობასთან სწორედ იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქვეყნისა და ოჯახების მზადყოფნა შესაძლო კრიზისებისთვის.

„ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც მოულოდნელი მოვლენები სულ უფრო ხშირად ხდება“, - განაცხადა მან.