Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება

ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საბითუმო ბაზარზე გაზის ფასი ბოლო სამ წელიწადში მაქსიმუმს მიუახლოვდა, რაც ევროპის ქვეყნებში ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების ზრდის საფრთხეს ქმნის.

Euronews-ის ცნობით, ევროპის გაზის საბითუმო ბაზრის საორიენტაციო ფასი გუშინ 1 მეგავატსაათზე 66 ევროზე მეტი იყო. დღის დასაწყისში ფასი 68 ევროს აჭარბებდა, ხოლო შედარებისთვის, წლის დასაწყისში გაზის ფასი დაახლოებით 29 ევრო იყო.

ფასების ზრდა, ძირითადად, ინვესტორების მზარდმა შეშფოთებამ გამოიწვია, რომ ჰორმუზის სრუტე ზამთარშიც შეიძლება ჩაკეტილი დარჩეს. ეს ვითარება განსაკუთრებით პრობლემურია იმის გამო, რომ გათბობის სეზონის წინ ევროკავშირის გაზის საცავებში მარაგები ისტორიულად დაბალ დონეზეა, წერს Euronews-ი.

Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, 24 აგვისტოს, დღის დასასრულს ევროკავშირის საცავები საშუალოდ 62.99%-ით იყო შევსებული.

ევროპის მსხვილ ბაზრებს შორის გაზის ყველაზე დაბალი მარაგი გერმანიას და ნიდერლანდებს აქვთ. გერმანიის საცავები მხოლოდ 51%-ით, ნიდერლანდების კი 44.3%-ით არის შევსებული, წერს Euronews-ი.

როგორც გამოცემა იუწყება, გაზის ფასის ხანმოკლე ზრდამ შესაძლოა მომხმარებლებზე დიდი გავლენა არ იქონიოს, თუმცა ფასების ხანგრძლივი ზრდა თანდათან აისახება ახალი და განახლებული კონტრაქტების ღირებულებაზე.

საბითუმო ფასის ზრდა ავტომატურად არ ნიშნავს საცალო ფასების მყისიერ მატებას. გაზის ფასი შესაძლოა ბევრად სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე ევროკავშირის ფაქტობრივი იმპორტის ფასი, რადგან იმპორტიორები გაზის ნაწილს ძველი კონტრაქტებითა და ჰეჯირების მექანიზმებით ყიდულობენ.

თუმცა, როდესაც მიმწოდებლებს ძველი კონტრაქტები ეწურებათ და გაზის შეძენა ან ფასის დაზღვევა უკვე უფრო მაღალ საბაზრო ფასად უწევთ, ფაქტობრივი იმპორტის ღირებულებაც თანდათან უახლოვდება საბითუმო ფასს. შემდეგ ეს გაზრდილი ხარჯები მომხმარებლებზე ტარიფების გადახედვისა და კონტრაქტების განახლების დროს გადადის.