შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე: პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს. IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო

„პარტიების სიმცირეს საქართველო არ უჩივის და არ მგონია, რომ ეს პარტიები იყოს, რომელზეც თუნდაც ოპოზიციის ამომრჩეველი ამყარებს თავის იმედებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლის კითხვაზე: რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სარჩელს კონკრეტული პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელში მოხვედრილი რადიკალური პარტიების რეიტინგი ნულს უტოლდება.

„IRI-ის ბოლო კვლევამაც გვაჩვენა, რომ მათ მიმართ ნდობა და რეიტინგი არის სტატისტიკური რეიტინგის ცდომილების ზღვარში, 0 პროცენტის გარშემო. მათ საკუთარი მხარდაჭერა დიდი ხანია გაფლანგეს მას შემდეგ, რაც 2024 წლის არჩევნების შედეგებს გამოუცხადეს ბოიკოტი, დახიეს მანდატები, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა და ხალხმა მათ ზურგი შეაქცია. ეს ვნახეთ ჩვენ IRI-ის ბოლო კვლევით, როდესაც ერთი პროცენტის გარშემო არიან ეს პარტიები. ამ სარჩელში მოყვანილ პარტიებთან დაკავშირებით, ჩვენ საქმე გვაქვს პარტიებთან, რომლებიც არიან ანტიკონსტიტუციური, რომლებიც ძალადობრივი გზით ცდილობდნენ არაერთხელ ხელისუფლების შეცვლას, რომლებსაც აღარ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და ეს არაერთხელ დადასტურდა. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს, ამით მოიგებს ქართველი ხალხი და მთლიანად საზოგადოება. არა მხოლოდ ისინი, ვისაც ამ კონკრეტული პარტიების მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ, არამედ ისინიც, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული არიან. ვინაიდან ოპოზიციური ფლანგისთვის შემაფერხებელი ეს ბარიერი ამ მოძალადე პარტიების სახით მოსცილდებათ მათ და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი და კრიტიკული ამომრჩეველიც უფრო ადვილად შეძლებს მისთვის მისაღები პარტიების მოძებნას. ამ პარტიებზე რომ არ დგას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი, დასტურდება IRI-ის კვლევითაც, დასტურდება იმითაც, რასაც თვითონ ამბობენ, რომ პარტიები შემაფერხებელი არიან იმისთვის, რომ თუნდაც გარკვეული კონსოლიდირება მოხდეს ოპოზიციურ ფლანგზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.