POLITICO: „რესპუბლიკელებს“ ტრამპის ირანის პოლიტიკის მიმართ მოთმინება ეწურებათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯერ ირანის ეკონომიკის ნელ-ნელა „დახრჩობით“ იმუქრება, მომდევნო მომენტში კი აცხადებს, რომ ქვეყანას სწრაფი და მასირებული დაბომბვით დანებებას აიძულებს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
„რესპუბლიკელები“, რომლებიც ვერ თანხმდებიან, ამ ორი გზიდან რომელი უფრო სწორია, ერთ საკითხზე მაინც ერთიანდებიან: მათ ტრამპის თითქოსდა გაუთავებელმა ყოყმანმა მოთმინება დააკარგვინა, წერს გამოცემა.
POLITICO-ს ინფორმაციით, ბოლო ასეთი მკვეთრი ცვლილება მიმდინარე უქმეებზე მოხდა, როდესაც აშშ-მა ივლისის შემდეგ ირანის წინააღმდეგ პირველი დარტყმა განახორციელა. ამერიკელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამიზნე სარაკეტო დანადგარები იყო, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო ნაღმების ჩასაგდებად ემზადებოდნენ. ამის შემდეგ პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში დაიმუქრა, რომ ირანის ენერგეტიკული ცენტრი, ხარკის კუნძული, „ნაფლეთებად უნდა იქცეს“.
მუქარამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის საზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანის ეკონომიკას თანდათანობით დახრჩობს. ბესენტის თქმით, გამკაცრებული სანქციების მნიშვნელობა სწორედ ის იყო, რომ სამხედრო ესკალაციის აუცილებლობა აღარ დამდგარიყო.
როგორც POLITICO წერს, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ჩიხურ მდგომარეობას, რომელშიც ადმინისტრაცია ომის დაწყებიდან ექვსი თვის თავზე აღმოჩნდა. ტრამპმა ომი დაიწყო და განაცხადა, რომ ის მხოლოდ ექვს კვირას გაგრძელდებოდა. თავად პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები კი არაერთხელ აცხადებდნენ, რომ ომი დასრულებული და წარმატებული იყო.
„ეს ომი გეგმის გარეშე დაიწყო, გეგმის გარეშე მიმდინარეობს და დიდწილად მიმდინარე მომენტის პოლიტიკით იმართება. სწორედ ამიტომ ვხედავთ ამ სიგიჟეს - შევდივართ, გამოვდივართ, ისევ შევდივართ, ისევ გამოვდივართ, ვბომბავთ, არ ვბომბავთ. ვგულისხმობ, რომ ტვიტებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ეიზენჰაუერი საფლავში ბრუნვას დაიწყებდა“, - განაცხადა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის უსაფრთხოების ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
ტრამპის მიდგომამ ირანის მიმართ იმ „რესპუბლიკელების“ იმედგაცრუება გამოიწვია, რომლებიც ომით დაიღალნენ. მათ შორის არიან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და „რესპუბლიკური“ პარტიის არაერთი პოლიტიკური ფიგურა, რომლებიც კონფლიქტის საწვავის ფასებსა და შუალედურ არჩევნებზე გავლენას უფრთხიან და უკმაყოფილო არიან იმით, რომ ომი გრძელდება, იუწყება გამოცემა.
ამავდროულად, ტრამპის მიერ ირანის დაბომბვის შესახებ არაერთმა შეუსრულებელმა მუქარამ იმედგაცრუება გამოიწვია უფრო მკაცრი პოზიციის მქონე „რესპუბლიკელთა“ ბანაკშიც, რომელსაც სენატორი ტომ კოტონი და გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი წარმოადგენდნენ.
„ბევრი „რესპუბლიკელი“, რომელიც მთლიანობაში მხარს უჭერს ირანისთვის პასუხის გაცემას ან საფრთხის განეიტრალებას, იმედგაცრუებულია“, - განაცხადა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილმა წარმომადგენელმა.
ეს უკმაყოფილება განსაკუთრებით სახიფათო მომენტში ჩნდება „რესპუბლიკელებისთვის“, რომლებსაც სულ რაღაც ორ თვეში ამომრჩევლისთვის ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ. ქვეყანაში მაღალი ფასების გამო უკმაყოფილება ომის დაწყებამდეც არსებობდა.
ჰორმუზის სრუტე, რომელზეც ერთ დროს მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადიოდა, კვლავ მნიშვნელოვან სატრანზიტო ბარიერად რჩება. ამერიკის ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, ერთი გალონი ბენზინის საშუალო ფასი 4,08 დოლარს შეადგენს, ხოლო დიზელის ფასი, რომელიც აშშ-ის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ამუშავებს, რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება.
თუმცა, ადმინისტრაციის ზოგიერთი მოკავშირე ბოლო დარტყმებსა და ტრამპის მიერ ომის შემდგომი ესკალაციის მუქარას კვლავ მშვიდად აფასებს. მათი აზრით, ტრამპი ირანზე ზეწოლას გონივრულად ინარჩუნებს, უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტის ნაწილობრივ გახსნას კომერციული გემებისთვის და ამავდროულად დროს იგებს, რათა ბესენტის მიერ ირანის ეკონომიკის წინააღმდეგ შექმნილმა „მარყუჟმა“ შედეგი გამოიღოს.
„ეს უბრალოდ დარტყმა დარტყმისთვის პრინციპით მოქმედებაა“, - განაცხადა ჯეიმს ჯეფრიმ, ყოფილმა ელჩმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში სამი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მათ შორის ტრამპის პირველი ვადის დროს.
„როგორც ჩანს, არც ერთ მხარეს სრულმასშტაბიან დარტყმეზე დაბრუნება არ სურს“, - დასძინა მან.
ტრამპი თავად ამტკიცებს, რომ ირანი ლიდერის გარეშე დარჩენილი სახელმწიფოა და რეგიონში მასშტაბური ქაოსის გამოწვევის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობა აქვს. ორშაბათს ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას მან ირანს „შეუმდგარი სახელმწიფო“ უწოდა.
„ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ დავარტყამთ. ვნახავთ, რა მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
თუმცა, როგორც POLITICO წერს, ტრამპის მოკავშირეებსაც კი აშფოთებთ მისი პოზიციის ცვალებადობა - ერთი მხრივ, ირანის „ქვის ხანაში დაბრუნებით“ დაბომბვის მუქარა, მეორე მხრივ კი ეკონომიკური ზეწოლით ქვეყნის დამორჩილების მცდელობა და ამასთან ერთად ზავის მოლაპარაკებების შეთავაზება.
„ის საკუთარ გზავნილზე ვერ ჩერდება და ვერც თანმიმდევრულ, დისციპლინირებულ სტრატეგიას იცავს, რადგან ახლა თავს ხაფანგში გრძნობს“, - განაცხადა თეთრ სახლთან დაახლოებულმა პირმა.