Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის გასაძლიერებლად 4 მილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს რეგიონში კონსერვატიულ საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გათვალისწინებული, სულ მცირე, 25 მილიონი დოლარის პაკეტის ნაწილია.
გრანტების გამოყოფამ შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპის მთავრობებს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გააღრმაოს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანას ვაშინგტონი უკვე დაუდანაშაულებია მათ შიდა პოლიტიკაში ჩარევაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროს განცხადებით, დაფინანსების მიზანია ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერება და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობა.
ეს ინიციატივა იმ დროს ხორციელდება, როდესაც ევროპის ქვეყნები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგეგმილი არჩევნებისთვის ემზადებიან და ტრამპის ადმინისტრაცია ღიად უჭერს მხარს ევროპაში პოპულისტურ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებს, წერს სააგენტო.
წყაროების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ამ თანხების გამოყოფის განზრახვის შესახებ 21 აგვისტოს აცნობა. ისინი ანონიმურობის პირობით საუბრობდნენ, რადგან დაფინანსების გეგმები ჯერ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული.
წყაროების ცნობით, 3 მილიონი დოლარი გათვალისწინებულია პროგრამისთვის, რომლის მიზანიც იქნება „ევროპაში დემოკრატიული უკუსვლის დოკუმენტირება და ანალიზი მასობრივი და არალეგალური მიგრაციის, დამოუკიდებელი მედია გარემოსა და ზესახელმწიფოებრივი ორგანოების საკანონმდებლო დღის წესრიგთან მიმართებით“.
კიდევ 1 მილიონი დოლარი მოხმარდება ევროპაში ეროვნული სუვერენიტეტის, უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების, ასევე სხვა საკითხების გაშუქებაზე მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტების კონსორციუმის შექმნას, განაცხადეს წყაროებმა.
Reuters-მა ვერ დაადგინა, კონკრეტულად რომელი ორგანიზაციები ან ჟურნალისტები მიიღებენ გრანტებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიურო პოლიტიკურ პარტიებს არ აფინანსებს და ტრამპის ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთგული რჩება.