უკრაინული მედია: უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა

უკრაინული მედია: უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა

უკრაინაში Starlink-ის სისტემების კავშირი, რომელსაც სამხედროები ოპერაციების განხორციელებისთვის იყენებენ, აღდგენილია და კვლავ მუშაობს. ინფორმაციას The Kyiv Independent-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, Starlink-ის სამხედრო პაკეტის, Starshield-ის მუშაობა გადაადგილების დროს აღდგენილია და კვლავ ხელმისაწვდომია. უწყებაში ეს ინფორმაცია სამხედრო დანაყოფებისგან მიღებული ცნობებით დაადასტურეს.

14 ოქტომბერს SpaceX-მა წინასწარი გაფრთხილების გარეშე Starlink-ის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა შემოიღო, რამაც სამხედრო ოპერაციები შეაფერხა, მათ შორის საშუალო მანძილზე მოქმედი დამრტყმელი და დრონების ჩამომგდები აპარატების გამოყენება.

„ამ დროისთვის, Starshield-ის მომსახურება გადაადგილების დროს აღდგენილია და კვლავ მუშაობს. ეს ჩვენი დანაყოფებისგან მიღებული ცნობებით დავადასტურეთ“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა დაადგინოს, რა მიზეზებმა და გარემოებებმა განაპირობა წინა დღეს დაწესებული შეზღუდვები.

წყაროს არ დაუკონკრეტებია, გაუქმდა თუ არა ყველა შეზღუდვა, თუ სიჩქარის გარკვეული ლიმიტები კვლავ ძალაშია.