The Guardian: მილანში მომხდარი არეულობის შემდეგ იტალიის მთავრობა ქუჩებში დამატებით 500 ჯარისკაცს განათავსებს
იტალიის ხელისუფლება ქალაქ მილანში დამატებით 500 სამხედროს გააგზავნის. გადაწყვეტილება ქალაქში ორდღიან არეულობას მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები გაძარცვეს და კერძო საკუთრება დააზიანეს, იუწყება The Guardian-ი იტალიის ვიცე-პრემიერზე მატეო სალვინიზე დაყრდნობით.
სამხედროების განლაგება ქუჩებში უსაფრთხოების ზომების პაკეტის ნაწილი იქნება, რომელსაც მთავრობა, სავარაუდოდ, დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე დაამტკიცებს. ძალადობის განმეორების შიშით, მილანის ცენტრში მაღაზიებმა მუშაობა ჩვეულებრივზე ადრე შეწყვიტეს, ვიტრინები კი დამცავი პანელებით დაფარეს, წერს გამოცემა.
„სიტყვებიდან საქმეზე გადავდივართ. დამატებით 500 ჯარისკაცი მილანის დასაცავად“, - დაწერა სოციალურ ქსელში სალვინიმ, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი მემარჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერია.
როგორც The Guardian-ი იუწყება, მილანის მდიდრული სავაჭრო უბნის, ვია მონტენაპოლეონეს მაღაზიების უმეტესობამ, სადაც Chanel-ის, Tiffany-ისა და Dior-ის ბრენდების მაღაზიებია განთავსებული, უსაფრთხოების მიზნით ვიტრინებიდან საქონელი გაიტანა.
შაბათს მშვიდობიანი დემონსტრაციის შემდეგ, რომელზეც მოქალაქეები საჯარო სერვისების არასათანადო მუშაობასა და ცხოვრების გაძვირებას აპროტესტებდნენ, რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა, რომელთა შორის ბევრი არასრულწლოვანი იყო, ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა და მაღაზიები გაძარცვა, აღნიშნულია სტატიაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ძალადობა დაგმო. ორშაბათს მან მინისტრებთან და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა, სადაც ვითარება განიხილეს.
„მთავრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ ამ თავდასხმებს მკაცრად უპასუხებს, მათ შორის არასრულწლოვანთა მხრიდან ძალადობის შესაკავებელი ზომებით“, - დაწერა სოციალურ ქსელ X-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ, რომელიც ასევე ვიცე-პრემიერია.