უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent: კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრისთვის იშვიათი თვისება გამოარჩევდა, სკანდალებისგან თითქმის შეუბღალავი რეპუტაცია - მიუხედავად ამისა, სამხედრო სფეროდან პოლიტიკაში გადასვლიდან ცხრა თვეში, ბუდანოვი სკანდალში გაეხვა, - წერს უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ი.

26 აგვისტოს გამოცემა Hromadske-მ სასამართლო მასალებზე დაყრდნობით გავრცელებულ სტატიაში აღნიშნა, რომ ბუდანოვის სახელი ფიგურირებს ჩანაწერებში, რომლებიც მასშტაბურ კორუფციულ საქმეს უკავშირდება.

გამოძიების ყურადღების ცენტრში ბუდანოვის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა იმყოფება, რომელსაც გასულ კვირას ბრალი კორპორაციულ რეიდერობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში წაეყენა.

ეს საქმე მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო მონოპოლიის, „ენერგოატომის“ გარშემო მიმდინარე გამოძიებასთან. ახალი გარემოებების მიხედვით, მუდრა აღნიშნავს, რომ უკანონო ოპერაციებს საკუთარი „უფროსის“ მითითებით ასრულებდა. მუდრას უშუალო ხელმძღვანელი კი სწორედ ბუდანოვია.

გავრცელებულ ჩანაწერებში რამდენჯერმე ფიგურირებს „კირილო ოლექსიევიჩი“ - ბუდანოვის სახელი და მამის სახელი. 25 აგვისტოს გამართულ სასამართლო პროცესზე „სენს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის ადვოკატმა დიალოგის ის მონაკვეთი წაიკითხა, სადაც ბუდანოვის იდენტური სახელის მქონე პირი უკანონო გარიგებებს განიხილავს.

გამოცემა Hromadske-ს ცნობით, პროკურორების მიერ წარდგენილ ჩანაწერების ტრანსკრიპტებში მოლაპარაკე პირი პირდაპირ ბუდანოვად არის დასახელებული.

სხვა ჩანაწერები კიდევ უფრო კონკრეტულ გარემოებებზე მიუთითებს. გავრცელებული ინფორმაციით, მუდრა და ყოფილი დეპუტატი მაქსიმ მიკიტასი განიხილავდნენ ტიმურ მინდიჩის - „ენერგოატომის“ საქმის ეჭვმიტანილისა და პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრის - მოთხოვნას „სენს ბანკის“ ფინანსური ნაკადების გადაბარებაზე. „მინდიჩი კირილოს დაუკავშირდა“, - აცხადებს, სავარაუდოდ, მუდრა და იქვე დასძენს, რომ საქმე „მსხვილი ფინანსური ნაკადების“ გაკონტროლებას ეხებოდა.

გამოძიების ვერსიით, მუდრამ და მიკიტასმა „სენს ბანკის“ გავლით 150 მილიონი გრივნა (3.4 მილიონი დოლარი) გაათეთრეს, რისი მიზანიც სქემაში ჩართული სხვა მაღალჩინოსნის გირაოს თანხის უზრუნველყოფა იყო.

საგამოძიებო და ანტიკორუფციულ ორგანოებს უშუალოდ ბუდანოვის მიმართ ბრალდებები არ წამოუყენებიათ და იგი საქმეში ეჭვმიტანილად არ ფიგურირებს.