The Washington Post: 14 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააუქმოს

The Washington Post: 14 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინის მიწვევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე გააუქმოს

აშშ-ის სენატის ორივე პარტიის 14-მა წევრმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დეკემბერში, მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აღარ მიიწვიოს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

„პრეზიდენტი პუტინი სრულად არის პასუხისმგებელი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიული ომის დაწყებაზე. მისთვის შეერთებულ შტატებში „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობის უფლების მიცემა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან ეს იმ მთავრობის ლეგიტიმაციასა და ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ყოველდღიურად განაგრძობს თავდასხმებს“, - ნათქვამია სენატორების წერილში, რომელიც მათ ექსკლუზიურად The Washington Post-ს გაუზიარეს.

სენატორები აღნიშნავენ, რომ პუტინი, რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრები აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებებში მონაწილეობის გამო.

მათი განცხადებით, თუ პუტინი საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლირებული აღარ იქნება, მას შესაძლოა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პუტინის მიწვევა ოთხშაბათს დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს „მისთვის შესაძლებლობა იქნება, ურთიერთობა დაამყაროს არა მხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ მსოფლიოს სხვა ლიდერებთანაც“.

როგორც გამოცემა წერს, სილუანოვის მონაწილეობამ გასულ თვეში ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში გამართულ „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრაში, სხვა მონაწილეები გააკვირვა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გააღიზიანა. მათ მოითხოვეს, რომ სილუანოვი მინისტერიალის საერთო ფოტოზე არ ყოფილიყო.

წერილის ავტორები სენატორები როჯერ უიკერი “რესპუბლიკური“ პარტიიდან და „დემოკრატი“ ჯინ შაჰინი არიან. მას ხელი მოაწერა კიდევ ექვსმა „დემოკრატმა“ და ექვსმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.