გიორგი ვოლსკი: ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო - რევოლუციურ პროცესებში USAID-ი მონაწილეობდა, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას. მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში

გიორგი ვოლსკი: ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო - რევოლუციურ პროცესებში USAID-ი მონაწილეობდა, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას. მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში

რევოლუციურ პროცესებში USAID-ი იღებდა მონაწილეობას, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას და მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ USAID-ის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.

მისივე თქმით, ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო.

„არჩევნების წინა პერიოდში USAID-დან 30 მლნ დოლარამდე დაიხარჯა. ამას თუ სხვა დანახარჯებსაც დავუმატებთ, ათეულობით მილიონი დოლარია დახარჯული იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მომხდარიყო. ოპოზიციამ გარკვეული რაოდენობის ხმები მიიღო, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ისინი არა თუ შემოვიდნენ პარლამენტში და დაიწყეს იმ ფუნქციის შესრულება, რაც ოპოზიციას ეკისრება, არამედ პირიქით, გააძლიერეს თავისი ქმედებები ქვეყნის დესტაბილიზაციის მისაღწევად. ამ ყველაფერში, ისევე როგორც სხვა გარკვეულ რევოლუციურ პროცესებში, USAID-ი იღებდა მონაწილეობას პირველ ხაზზე, შექმნეს ასეთი ფრონტი, დაუპირისპირდნენ ჩვენს ქვეყანას და მათი მოქმედებების საკმაოდ ვრცელი სქემა გაიშიფრა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში გააზიარა პოსტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობას ეხება და ორგანიზაციას საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების მანქანის“ შექმნაში ადანაშაულებს. 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში, USAID-ის გრანტების სახით, 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.