საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამონაწილეობით, სასწავლებელში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ცეკვის, ხელოვნებისა და საგანმანათლებლო გაკვეთილებს უსასყიდლოდ ეუფლებიან. სასწავლებელი კლასიკური ბალეტის, ჰიპ-ჰოპის, თანამედროვე ცეკვისა და ბრეიქდანსის 500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.

სასწავლებლის მრავალმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა სტიპენდია ისეთ პრესტიჟულ სასწავლებლებში, როგორიცაა ბოლშოის ბალეტის სკოლა (ჟუანვილი, ბრაზილია) და რიოს ცნობილი მარია ოლენევას სახელობის ცეკვის სკოლა. სასწავლებლის სამი აღსაზრდელი კი მსოფლიოს წამყვანმა საბალეტო სასწავლებლებმა - პარიზის ოპერის საბალეტო სკოლამ და მაიამის საბალეტო აკადემიამ საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებში მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქორეოგრაფიული განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

სტუმრების პატივსაცემად სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს.