თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამფუძნებლის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„ლევან ალექსიძე მთელი თავისი ბიოგრაფიით ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. იგი იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებლობამოპოვებული საქართველო გააცნო საერთაშორისო საზოგადოებას.“ - აღნიშნა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ ხაზი გაუსვა ალექსიძის როლს საერთაშორისო სამართლის სკოლის ჩამოყალიბებაში: „მისი ინიციატივით დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფორმირება მაშინ, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამდა.“

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს ლევან ალექსიძის სიცოცხლის ბოლო წლებში მიცემულ ინტერვიუებს.

ღონისძიებაზე ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდია გადაეცა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამის წარჩინებულ სტუდენტს თეკლა ზაქარაძეს. სტიპენდია იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივითა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის სპონსორობით დაწესდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ და თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ, ისაუბრეს ალექსიძის სამეცნიერო და სახელმწიფოებრივ ღვაწლზე, მის მიერ შექმნილ ნაშრომებზე და იმ დიდ როლზე, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში ითამაშა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თსუ პროფესორები და სტუდენტები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები.