ევროპარლამენტმა დაამტკიცა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრობის შეფერხების შემთხვევაში, ავიაკომპანიებს ბილეთის ღირებულების სრულად დაბრუნების ვალდებულება ეკისრებათ
ევროპარლამენტმა დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. შესაბამისი ინფორმაციას ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. ახალ რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
ახალი წესების ერთ-ერთი მთავარი სიახლე ავიაბილეთის ღირებულების სრულად დაბრუნების ვალდებულებაა, მათ შორის იმ საკომისიოს ჩათვლით, რომელიც მგზავრმა ბილეთის დაჯავშნისას შუამავალ კომპანიას გადაუხადა. წესები ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ფრენებს უშუალოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ან არაწევრი ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით ახორციელებენ.
რეგულაციის მიხედვით მიხედვით, ევროკავშირის მასშტაბით მგზავრებს თანხის დაბრუნების მოთხოვნა ერთიანი სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. ფორმა ტრანსპორტის ყველა ტიპზე გავრცელდება. მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების უფლება 14 დღის განმავლობაში ექნებათ.
თანხის ანაზღაურების ვალდებულება გავრცელდება შუამავალ კომპანიებზეც, მათ შორის ტურისტულ სააგენტოებსა და ბილეთების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმებზე. წინა კანონმდებლობაში მათი პასუხისმგებლობა მკაფიოდ განსაზღვრული არ ყოფილა. იმ შემთხვევაში, თუ შუამავალი კომპანია თანხას დადგენილ ვადაში არ დააბრუნებს, ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიას დაეკისრება.
ახალი რეგულაცია ასევე აძლიერებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრების უფლებების დაცვას. საჭიროების შემთხვევაში, მათ თანმხლებ პირებს თვითმფრინავით უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ. მსგავსი წესი უკვე მოქმედებს ავტობუსებით, მატარებლებითა და გემებით მგზავრობისას.
ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული რეგულაცია ეფუძნება ივლისში მიღებულ ცვლილებებს, რომლებიც თვითმფრინავის მგზავრების უფლებების დაცვას ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებები თანხის დაბრუნების პროცედურების გამარტივებასა და ავიაკომპანიებისთვის ბილეთის ფასში ერთი ერთეული ხელბარგის უფასოდ შეტანის ვალდებულებას ითვალისწინებს.
მგზავრებს უფლება ექნებათ თვითმფრინავის სალონში დამატებითი საფასურის გარეშე შეიტანონ ერთი მცირე პირადი ნივთი, მაგალითად, ხელჩანთა ან ზურგჩანთა, რომლის ზომა 40×30×15 სანტიმეტრს არ აღემატება ან რომელიც წინა სავარძლის ქვეშ თავსდება.
ახალი წესების ამოქმედება 2027 წლის 23 ოქტომბრიდან იგეგმება. მანამდე რეგულაციას ევროკავშირის საბჭოს ფორმალური დამტკიცება სჭირდება, რის შემდეგაც დოკუმენტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. ამ დრომდე მგზავრთა უფლებების დაცვის მოქმედი კანონმდებლობა ძალაში რჩება.