თორნიკე ჭეიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება
გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.
კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, კომისიის შექმნა, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგიაა, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება უმრავლესობას არ აქვს.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის ბუნებასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს არის, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგია. სხვათა შორის, რომ აეთვისებინათ შესაბამისი მანდატები, შეძლებდნენ აქ წარმოდგენილი ძალები იმას, რომ შეექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, ვინაიდან აქ არის კვალიფიციური უმცირესობის პრინციპი. მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება არ აქვს უმრავლესობას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია უმრავლესობის მხრიდანაც იყოს გამოყენებული, რაც ასევე აპრობირებულია კონსტიტუციურ სამართლებრივ პრაქტიკაში“, - აღნიშნა მან.