ლანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ „POSTV“-ის ჩართვაში თბილისში მიმდინარე საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე ისაუბრა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა და ღონისძიებაა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის. სამ დღეს გაგრძელდება ეს ღონისძიება. გუშინ უკვე პლენარული სესიებისა და პარალელური ვორქშოფების ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი დავფარეთ. ეს იყო სერვისების განვითარებაში და შემდეგ მიწოდებაში მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობა; ასევე, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება, მონაცემთა შეგროვება და ბევრი სხვა საკითხი, რაც ამ ფორმატის ფარგლებში არის მოაზრებული. მეორე დღეს გავხსენი პანელური დისკუსია, სადაც დეტალურად ვისაუბრე, როგორ შეიძლება უზრუნველვყოთ მოქალაქეთა ჩართულობა და ინკლუზია, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ მიიღონ ეს სერვისები, არამედ ჩაერთონ მათი ფორმირების პროცესში, რათა სერვისები მეტად იყოს ორიენტირებული ჩვენს მოქალაქეებსა და მომხმარებლებზე. ხვალ გაიხსნება მრგვალი მაგიდა, მინისტერიალი. იუსტიციის მინისტრი გააცნობს კოლეგა მინისტრებს იმ მიღწევებს, რაც გვაქვს ამ სფეროში, მოქალაქეზე ორიენტირებულ მიდგომებთან დაკავშირებით, ისაუბრებს იუსტიციის სახლის მოდელებსა და სერვისებზე, რასაც გასცემს იუსტიციის სამინისტრო და შეეხება არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს სერვისებს. ჩვენ გვქონდა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, დღესაც და ხვალაც გათვალისწინებულია არაერთი პარალელური, ორმხრივი შეხვედრა. ხვალინდელი დღე დასრულდება ცერემონიით, რომელიც მოიაზრებს ყველაზე ინოვაციური პროექტების დაჯილდოებას და გამოვლინდება ის ქვეყნები და ის პროექტები, რომლებიც მიჩნეულ იქნა ყველაზე ინოვაციურ და მოქალაქეზე ორიენტირებულ პროექტებად“, - განაცხადა ლანა მორგოშიამ.