გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
4 ოქტომბრის საქმესა და პროკურატურასთან გაფორმებულ საპროცესო შეთანხმებებზე ჟურნალისტებმა დღეს კითხვა დაუსვეს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ყველა ბრალდებულთან, რომელმაც აღიარა და მოინანია დანაშაული, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. რაც შეეხება გიორგი ჩახუნაშვილს, გენერალური პროკურორის თქმით, მან არ აღიარა ბრალი, ამიტომ სასამართლოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონდა.
"ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა.
თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა და სააპელაციო სასამართლოში მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, - რა თქმა უნდა, თუ გაასაჩივრებენ, რადგან არის შემთხვევები, როცა ზოგიერთი განაჩენს არ ასაჩივრებს," - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.