The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა
უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ექსპერტების შეფასებით, გამოწვევები ქვეყნის საზღვრებით დაწყებული, ეკონომიკური და სოციალური საკითხებით დასრულებული, მრავალ მიმართულებას მოიცავს.
გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთ მთავარ სირთულედ უკრაინის საბოლოო საზღვრების საკითხი სახელდება, რადგან ამ ეტაპზე უცნობია, რა ტერიტორიულ ფარგლებში დაასრულებს ქვეყანა მიმდინარე ომს.
უკრაინის დიდი სასოფლო-სამეურნეო სექტორი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი რესურსი შეიძლება გახდეს, თუმცა ამავდროულად სირთულეებს უქმნის ბლოკის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების სისტემას, რომელიც მიწის ფართობზეა დაფუძნებული, წერს გამოცემა.
39-მილიონიანი მოსახლეობის პირობებში უკრაინას ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნებოდა, რაც, როგორც სტატიაში აღნიშნულია, ყველა წევრი ქვეყნისთვის მისაღები, შესაძლოა, არ იყოს.
თავისუფალი გადაადგილების პრინციპმა, შესაძლოა, უკრაინიდან ევროკავშირის ქვეყნებში კვალიფიციური კადრების გადინება გამოიწვიოს. ამასთან, უკრაინის მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სოციალური დახმარებისა და სხვა შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
დამატებით გამოწვევად განიხილება ომის შემდგომი აღდგენის მაღალი ღირებულება, რომელიც დაახლოებით 445 მილიარდ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, ასევე გავლენა ევროკავშირის თანასწორობის ფონდებზე, რომელთა მიზანიც წევრ ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა.
ევროკავშირის წყაროების ცნობით, აღნიშნული საკითხების ნაწილის მოგვარება გარდამავალი პერიოდების გამოყენებით არის შესაძლებელი. თუმცა, მათივე შეფასებით, უკრაინის წარმატებით ინტეგრაციისთვის რეფორმების განხორციელება თავად ევროკავშირსაც მოუწევს.
ამასთან, კიევს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობების შეთავაზებაც შეუძლია. მათ შორისაა რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესიისგან თავდაცვითი ბარიერის როლი. უკრაინას ევროპელ მოკავშირეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს, განვითარებული თავდაცვითი ინდუსტრია გააჩნია და ფლობს დრონებისა და თანამედროვე ომის წარმოების მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობენ, განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს.