ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე მეორე მოსმენით იმსჯელა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა და მასში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

 მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში არსებული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგის და მისი დამცავი ზონის გასხვისება ან პრივატიზება დაუშვებელი ხდება, თუმცა შესაბამისი ქონების სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში შეტანა შესაძლებელი დარჩება. მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, წარმოდგენილ რედაქციაში ტექნიკური და რედაქციული შენიშვნები აისახა.

 კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტზე მუხლობრივად ისაუბრა.

 კანონპროექტის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლება ექნება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სრულად ან ნაწილის მოვლა-შენახვის მოვალეობა მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით შეასრულოს. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული მიდგომა გზების მოვლა-შენახვის პროცესის უფრო ეფექტიან ორგანიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას და მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვას უზრუნველყოფს.

 კომიტეტის წევრები ასევე მუხლობრივად გაეცნენ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. მომხსენებლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, კანონპროექტის წარმოდგენილ რედაქციაში შენიშვნები აისახა და გარკვეული ტერმინები დაზუსტდა.

 სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა კოლეგებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი გააცნო. ცვლილებების თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ცნებები და შესაბამისი სანებართვო რეჟიმი შემოდის და აღნიშნული ნებართვების გაცემის პირობები, მოქმედების ვადა, სანებართვო მოთხოვნები და საქმიანობის კონტროლის მექანიზმები განისაზღვრება.

 ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მუხლობრივად წარადგინა.

 მისი თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტში ტექნიკური ხასიათის ცვლილებები და რედაქციული ჩასწორებები განხორციელდა. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გრანტის მიმღები და მისი გამცემი სუბიექტი გახდება.

 ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.