პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთა მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი მოზარდის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა 17 მარტს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოსწავლესთან, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილ ქმედებას მიმართა.
ბრალდებულმა 2021 წლის თებერვალსა და 2023 წლის ოქტომბერში ანალოგიური ხასიათის ქმედებებს მიმართა თავისი სტუდიის ორ სხვა მოსწავლესთან.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.