სოსო გიორგაძე ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ფორუმში მონაწილეობს
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში იმყოფება, სადაც ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის შესახებ პირველ გლობალურ ფორუმს ესწრება. ღონისძიება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ორგანიზებით ტარდება. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.
ფორუმი აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებს, მინისტრებსა და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ისინი მსჯელობენ სფეროში მიმდინარე პროცესებზე, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასა და მიდგომებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა თუ მასთან დაკავშირებული ოპერაციული გამოწვევების მართვის მიმართულებით. ფორუმის მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ განიხილონ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ინტელექტუალურ საკუთრებაზე, ინოვაციებზე, შემოქმედებით საქმიანობასა და უწყებების სამუშაო პროცესებზე.
ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ინტელექტუალური საკუთრების ლანდშაფტს, რაც ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს აჩენს. საერთო გამოწვევების დაძლევისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, უწყებების ხელმძღვანელები თანამშრომლობის გზებს შეისწავლიან. საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში, დელეგატები განსაზღვრავენ მართვის სტრატეგიულ პოლიტიკას, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდასაჭერად ურთიერთთანამშრომლობას წაახალისებს.



