გელა სამხარაული ნაირობიში, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს

გელა სამხარაული ნაირობიში, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალურ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს

16–17 ნოემბერს, კენიის დედაქალაქ ნაირობიში, შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მესამე გლობალური საპარლამენტო სამიტი (Third Global Parliamentary Summit Against Hunger and Malnutrition) იმართება, რომელშიც საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული მონაწილეობს.

სამიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), კენიის პარლამენტისა და ესპანეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (AECID) ხელშეწყობით იმართება.

ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. მისი მიზანია შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება, საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარება და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, ასევე სურსათის დონაციის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმას გააცნობს.

საქართველოს დელეგაცია მოხსენებას წარადგენს თემაზე: „ჭარბი სურსათიდან სოციალურ სარგებლამდე: საქართველოს საკანონმდებლო მიდგომა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის მიმართ“.

ყურადღება დაეთმობა რეფორმის განხორციელების შესახებ გამოცდილებას, FAO-ს მხარდაჭერას და სამომავლო პრიორიტეტებს, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობის გაძლიერებას.

სამიტის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ სასურსათო უსაფრთხოების, ჯანსაღი კვებისა და მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარების საკითხებზე.