ნიკა გვარამია: პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას… არ შეიძლება, მოწონებას იმსახურებდეს ძალადობა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ძალადობაც არ მომეწონება

ნიკა გვარამია: პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას… არ შეიძლება, მოწონებას იმსახურებდეს ძალადობა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ძალადობაც არ მომეწონება

პარტიის გადაწყვეტილება პიროტექნიკის შეძენა ვერც იქნებოდა და არც ყოფილა. პიროტექნიკის გამოყენება არ ნიშნავს ძალადობას. იცით, რა დანიშნულებაც აქვს პიროტექნიკის გამოყენებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, აქციის ძალადობრივი მიზანი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული შედეგის მიღწევას ძალადობით და ფოიერვერკის გამოყენებასთან დაკავშირებით უბრალოდ განცხადება ძალადობის ნებას არ წარმოშობს.

„პარალონი, მოგეხსენებათ, რაც არის, ლეიბივით რაღაცა, რომელზეც წვებიან და დაცვის ქვეშ არის. რაც შეეხება პიროტექნიკას, რამდენადაც მახსოვს, მაშინ აკრძალულიც არ იყო. რომც ყოფილიყო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს იყო გამოყენებული პოლიციელების წინააღმდეგ, როგორც იარაღი მათთვის ზიანის მისაყენებლად. მიუხედავად იმისა, რაც უნდა დადგენილიყო ამ საკითხზე, აქციის ძალადობრივი მიზანი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული შედეგის მიღწევას ძალადობით. ეს ვერ იქნება უბრალოდ განცხადება, რომ მე ახლა ვიყიდი ფოიერვერკს, მექნება და გავუშვებ აქციაზე. ეს ძალადობის ნებას და განზრახვას, უბრალოდ ვარაუდსაც კი არ წარმოშობს“, – აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას პროცესზე მოსამართლე ევა გოცირიძემ მიმართა შეკითხვით: „ზოგადად პიროტექნიკა არის თუ არა საფრთხის მატარებელი, რომ გამოიწვიოს დამწვრობა, ცეცხლის წაკიდება და ამ მხრივ საფრთხილოა თუ არა გამოყენება ზოგადად. რეალურად, ამ აქციაზე იყო თუ არა გამოყენებული სწორედ ადამიანების წინააღმდეგ და რეალური ზიანი გამოიწვია თუ – არა?“.

გვარამიას განცხადებით, აქციაზე ადამიანების ქმედებებს სამართლებრივად ვერ შეაფასებს.

გვარამიას შეფასებით, ცალკეული ინდივიდის სამართალდარღვევა აქციას არ აქცევს არც უკანონოდ და არც ძალადობრივად.

„მე ვერ გეტყვით, რა იყო გამოყენებული და რა – არა. გულწრფელად გეტყვით, რაღაც სატელევიზიო ეპიზოდები ნანახი მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს, ამას სამართლებრივი პასუხი მოჰყვებოდა. ის, რომ ცალკეული ინდივიდი ჩადის სამართალდარღვევას, იქნება ეს ადმინისტრაციული, თუ სისხლისსამართლებრივი, აქციას არ აქცევს არც უკანონოდ და არც ძალადობრივად. აქცია ძალადობრივი არის მაშინ, როდესაც ის ძალადობის მეშვეობით ისახავს ანტიკონსტიტუციური ან არაკანონიერი თუნდაც კანონიერი მიზნის მიღწევას“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება მოსამართლე ევა გოცირიძის შემდეგ შეკითხვას: „თქვენ მიგაჩნიათ, რომ ესა თუ ის აქცია თუ დაიწყო არაძალადობრივი მიზნით – როგორ შეიძლება, ზუსტად წინასწარ იცოდეს ვინმემ, რა არის განზრახული, ეს ცალკე თემაა – ვთქვათ, ნამდვილად ასეა, მაგრამ შემდეგ გადაიზარდა ძალადობაში, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი აქცია ვერასდროს ვერ შეფასდება ძალადობრივად?“.

გვარამიამ შეკითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ასე არ ფიქრობს.

„არა, რა თქმა უნდა, ასე არ ვფიქრობ. კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნაწილში ძალიან რთულად წარმოსადგენია… შეიძლება, მაგრამ შესაფასებელია, ეს არის ცალკეული ეპიზოდები, სპორადული, თუ ეს არის აქცია, რომელიც ძალადობრივად გადაიქცა და რაღაცა ეტაპიდან ძალადობრივი გახდა კონკრეტული მართვის პირობებში. შეიძლება, ასე დაიწყოს, მაგრამ შეიძლება, ადგილზე გადაწყდეს და გაგრძელდეს, როგორც ძალადობრივი. ადგილზე გადაწყდეს – ამის ფორმალიზაცია რაღაცნაირად უნდა მოხდეს. ეს თუ არის ე.წ. ინციდენტური ძალადობა, მაშინ ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ მთლიანად აქციაზე, როგორც ძალადობრივზე. შეიძლება, ვილაპარაკოთ კონკრეტულ ჯგუფზე, რომელმაც იძალადა, ცალკეულ ინდივიდებზე, რომლებმაც იძალადეს, მაგრამ მთელი აქცია იყო ძალადობრივი და შემდეგ ამას მივაბათ აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები, განსაკუთრებით პარტიასთან დაკავშირებით, თუ ის ორგანიზატორიც არ არის თავიდან ხომ, ალბათ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ მე რთულად მესახება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ევა გოცირიძემ ასევე მიმართა მიმართა კითხვით: „კონკრეტულ აქციებზე როცა იყო გამოყენებული პიროტექნიკა და რამაც, ფაქტობრივად, გამოიწვია ზიანი, ადამიანების ზიანი, ამ ფაქტს და ამ მოვლენას დადებითად უყურებთ, ემიჯნებით, თუ მიგაჩნიათ, რომ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული? ან როცა დაინახეთ რომ ეს ხდებოდა, გაგიჩნდათ თუ არა სურვილი, გაგეკეთებინათ მოწოდება აქციის მონაწილეებისთვის, შეეწყვიტათ ასეთი რამ, გამიჯვნოდით, თუ მოვლენების განვითარება მიუშვით თავის დინებაზე? მაინტერესებს ამ დროს პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩართულია ზოგადად ამ აქციაში, ამ დროს პარტიას ეკისრება რაიმე პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ზომები, მოუწოდოს ახალგაზრდებს, თუ ვინც არიან, ეს შეწყვიტონ? მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც აღმოჩნდა, თქვენი კოალიციის ოფისში იქნა მათ შორის ეს პიროტექნიკა შეძენილი და დაბეჯითებით არის ქალბატონი ხოშტარიას განცხადება, რომ დიახ, ეს ჩვენ გავაკეთეთ, ამას გავაკეთებთ და ამას ჩვენ ვიყენებთ აქციებზე. ეს არ ზრდის თქვენს პასუხისმგებლობას? რომ ჩვენ გვეგონა, ვთქვათ, მხოლოდ ცა განათდებოდა, სინამდვილეში, ამან გამოიწვია ზიანი და მოდით, ეს შევწყვიტოთ, ეს ვალდებულება არ გიგრძვნიათ?“.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი პარტია აქციის ორგანიზატორი არ ყოფილა.

„მე როგორ უნდა მიმეშვა. ჩვენ ვიყავით აქციის ისეთივე მონაწილეები, როგორიც შეიძლება, თქვენ ყოფილიყავით, იქ არ იდექით უბრალოდ. ჩვენ ვერ გავემიჯნებოდით იმას, რაც ჩვენთან კავშირში არ იყო. არათუ ორგანიზატორი არ ვიყავით, არამედ იყო იქ გამოსვლები და ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები, ვისაც ეს უნდოდა ყოველ შემთხვევაში, დაშვებული არ იყვნენ გამოსვლებზე. ამას არც საყვედურის ნიშნად ვამბობ და არც ვემიჯნები ზოგადად ხალხის პროტესტს, რომელიც სრულიად დარწმუნებული ვარ, იყო გულმხურვალე, გულწრფელი და სწორი, მაგრამ არ შეიძლება, მოწონებას იმსახურებდეს ძალადობა, რა წინაპირობებიც არ უნდა ჰქონდეს მას. არ ვიცი, ახლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ძალადობაც არ მომეწონება, ცხადია, თუმცა შეიძლება, ამის უკან რაციონალური რამ დავინახო. მე ვერ შევაფასებ იმას, რისი შეფასების არც უფლება მაქვს და არც ინფორმაციას ვფლობ ამასთან დაკავშირებით. ელენეს ნაწილში შემიძლია, გიპასუხოთ, ჩვენი, არც ჩვენი აქტივისტის მხრიდან, არც პარტიის წევრის, ლიდერის მხრიდან, თუ ასე შემდეგ, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა არცერთი მომარჯვებული საგნის, პეტარდების თუ ა.შ. უკანონოდ გამოყენების შესახებ. შემიძლია, ჩვენი კოალიცის სახელით ვთქვა დაზუსტებით, თორემ არც სხვა პარტიებზე ვფლობ ინფორმაციას, ძალადობრივი მიმართება არასდროს არ ყოფილა და არც ვაპირებთ, რომ იყოს. რაც შეეხება, რას გავემიჯნეთ, როგორ დავგმეთ, ჩვენ ხომ ვლაპარაკობთ კანონის ვალდებულებებსა და პოლიტიკურ ვალდებულებებზეც. ჩვენ არც მართლწესრიგის ეფექტური კონტროლის შესაძლებლობა გვქონდა და არც უნარი იმ წუთში, არ მგონია, საერთოდ ვინმეს ჰქონოდა“, – განაცხადა გვარამიამ.

ამავდროულად, ნიკა გვარამიამ აღნიშნა :„საქმე იმაშია, რომ პარტია არის „ახალი“. სახელწოდება არის ამგვარი, რადგან საარჩევნო სუბიექტი ყოფილიყო, ჩვენი კანონმდებლობით საარჩევნო ბლოკები აკრძალულია. ამიტომ პარტიის ორი თავმჯდომარეა, პოლიტსაბჭოა, აქ „დროა“ არ შედის, იგი რჩება პარტიად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „დროასთან“ პრობლემას ვუსმავ ხაზს, პირიქით, რაკი მკითხეთ, პასუხს გცემთ სამართლებრივად. ვერც მაგ ტექსტიდან ვერ ვკითხულობ, რომ უნდა ვესროლოთ პეტარდები პოლიციელებს, რაც პროტესტისთვის საჭიროა, იმის სროლა, მაქსიმუმ, შედიოდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში, მაგრამ ზიანი თუ გამოიწვია, ბუნებრივია, სისხლის სამართლის დანაშაულია, ოღონდ ინდივიდუალური. ასეთი ზიანი ჩვენ დავაყენეთ თუ არა, არ ვიცი. ელენე შეიძლება იყო ამ კვერცხის, სნიკერსის, თუ პლედების შესყიდვის ორგანიზატორი, მაგრამ მიტინგის ორგანიზატორი ელენე ნამდვილად არ ყოფილა. მიტინგს პოლიტიკური პარტია არ ჰყავდა ორგანიზატორი“.