თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა დღევანდელ პროცესთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„ახალი მოპასუხე მხრისგან არსებითად არაფერი იქნება შემოთავაზებული. ისევ მოვისმენთ აბსოლუტურად ყალბ ნარატივზე დაფუძნებულ ბელეტრისტიკას. ახლა ცდილობენ, რომ ამით რაღაცნაირად დაჩრდილონ კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა უნდა ახსოვდეთ, რომ არსებობს ათობით და ასობით მტკიცებულება, განცხადება, შესაბამისი დოკუმენტები, მათ მიერ პოლიტიკური ალიანსების შექმნა და ა.შ., რაც ადასტურებს, რომ ისინი ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ.

გასაგებია, რომ ეს ახლა მათთვის ძალიან არახელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ ძალიან დააგვიანდათ ამ შემთხვევაში, ვინაიდან უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე როდესაც ცდილობენ ერთმანეთს გაემიჯნონ, ეს უბრალოდ ღიმილისმომგვრელი და აბსოლუტურად არადამაჯერებელია“, - აცხადებს ჭეიშვილი.