რევაზ ნადარაია „ლელოს“ წარმომადგენელს: მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე, თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ
„მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე“, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენელს, რომელმაც „გამჭვირვალობის კანონი“ „რუსულ კანონად“ მოიხსენია.
„ლელოს“ წარმომადგენლის განცხადებას მოსარჩელე მხარის პროტესტი მოჰყვა.
„მერამდენედ ამბობს რუსული კანონი, ბატონი გიორგი როგორ შეფასებებს აკეთებს, ეს შეფასებები, პოლიტიკური, შეუძლია გააკეთოს გარეთ. თუ შეიძლება, აქ ისაუბროს კორექტულად“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მოსარჩელე მხარის პრეტენზია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გაიზიარა.
„რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პრეტენზიას, ასეთ კანონს მეც არ ვიცნობ. ასე, რომ კანონები მოიხსენიეთ იმ სახელით, რა სახელითაც არის. „გამჭვირვალობის კანონს“ თუ გულისხმობთ, გამჭვირვალობა მოიხსენიეთ. სხვა კანონებს თუ გულისხმობთ, სხვა კანონებად მოიხსენიეთ. კანონები მოიხსენიეთ ისე, როგორც არის. აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა. ვფიქრობ, მე უნდა მიმეცა შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, არ ვიცი რა არის „რუსული კანონი“. სასამართლოსთვისაც გასაგები უნდა იყოს, მოიხსენიეთ ყველა კანონი ისე, როგორც ჰქვია მას ოფიციალურ ენაზე. თქვენი შეფასებები გააკეთეთ გარეთ“, - დასძინა რევაზ ნადარაიამ.



