შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს
აქამდე თუ საუბრობდნენ მოსამართლეებსა და პროკურორებზე, ახლა ვხედავთ, რომ მონტენეგროში კონსტიტუციაში აწერინებენ, რომ არჩევნების შემდეგ ვიღაცა ჯგუფმა უნდა გადაამოწმოს კონკრეტული პარტიის გამარჯვება რამდენად კეთილსინდისიერი იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული დემოკრატიულ არჩევანზე მოახდენს გავლენას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფანტაზიას კანდიდატ ქვეყნებში გავლენების მოპოვებასთან დაკავშირებით საზღვარი არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად არასწორი ხედვა აქვს ბრიუსელს ევროკავშირთან დაკავშირებით. ეს არის ევროკავშირის წაყვანა საბჭოთა კავშირისკენ. სხვა რამეს კი არ აკეთებდა საბჭოთა მოსკოვი, მის წევრ რესპუბლიკებს უთითებდა ვინ, სად უნდა ყოფილიყო ცეკას და რაიკომის მდივანი.
ეს სულისკვეთებაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში. მონტენეგროში ეს ცვლილებები, რომელიც სწორედ ბრიუსელიდან არის მითითებული, მიმართულია იქითკენ, რომ სრულად გავლენის ქვეშ იყოს მთავრობა, მართლმსაჯულების სისტემა და ყველა ის სისტემა, რომელიც ქვეყნის მმართველობაზე არის პასუხისმგებელი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.



