რევაზ სოხაძე: დღეს საქართველოში უკვე დასრულებულია დაახლოებით 400 კილომეტრამდე მაგისტრალი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლესი ათი წლის განმავლობაში 600 კილომეტრზე მეტი ახალი მაგისტრალი შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, შიდა მობილობას
დღეს საქართველოში უკვე დასრულებულია დაახლოებით 400 კილომეტრამდე მაგისტრალი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძის თქმით, ხელისუფლების გეგმაა, რომ უახლესი ათი წლის განმავლობაში 600 კილომეტრზე მეტი ახალი მაგისტრალი შევიდეს ექსპლუატაციაში.
„ვფიქრობ ქვეყანა გადავიდა უკვე იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის მაგალითით ხდება ბევრ ქვეყანაში პროექტების დაგეგმვა, გამოცდილების გაზიარება და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენთვის თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ამბიცია და სურვილი გვაქვს. ამაზე პრემიერმაც ამასწინათ თქვა თავის გამოსვლაში, რომ უახლესი წლების განმავლობაში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალების დასრულება.
დღეს საქართველოში უკვე დასრულებულია დაახლოებით 400 კილომეტრამდე მაგისტრალი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ უახლესი ათი წლის განმავლობაში 600 კილომეტრზე მეტი ახალი მაგისტრალი შევიდეს ექსპლუატაციაში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, შიდა მობილობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გზის მშენებლობა ამით არის გამორჩეული, რომ ის თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება და ეს ნამდვილად ასეა“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.



