საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, ლანა მორგოშია და ვახტანგ ჟვანია ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია ინდონეზიის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების ვიცე-მინისტრი პურვადი არიანტო და ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს საჯარო სერვისების საკითხებში მინისტრის მოადგილე ოტოკ კუსვანდარუ ესწრებოდნენ.
მხარეებმა საქართველოს საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანერგილ ინოვაციურ პროექტებსა და იუსტიციის სახლის წარმატებულ მოდელზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სერვისებსა და ინიციატივებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე მარტივ, სწრაფ და კომფორტულ წვდომას უზრუნველყოფს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ინტერესი მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა გამოიწვია. ქართულმა მხარემ ინდონეზიის დელეგაციას დეტალურად გააცნო სერვისის მიწოდების ეს ინოვაციური მოდელი, რომელიც სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველაზე დაშორებულ დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
შეხვედრის დასრულებისას აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ინდონეზიას გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და კონსულტაცია გაუწიოს მსგავსი სერვისების დანერგვის პროცესში.