სახალხო დამცველი: დადებითად ვაფასებთ განათლების სამინისტროს მზაობას, განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი

სახალხო დამცველი: დადებითად ვაფასებთ განათლების სამინისტროს მზაობას, განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ზოგადი წინადადება, რომელიც შეეხება მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი დადებითად აფასებს სამინისტროს მზაობას, განაახლოს მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის განაწილების წესი.

„ამ მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც განათლების სექტორის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, საგაკვეთილო საათები ობიექტური კრიტერიუმებისა და მკაფიო პროცედურების საფუძველზე განაწილდეს. ამგვარი მოწესრიგება, სკოლების ავტონომიის შენარჩუნებასთან ერთად, ხელს შეუწყობს დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებების მიღების რისკის შემცირებას.

სახალხო დამცველი მიესალმება სამინისტროსთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და ზოგადი წინადადებით წარმოდგენილი მიგნებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას. სამინისტროს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის ხელშეწყობისკენ და წარმოაჩენს უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისთვის.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს განათლების სისტემაში თანასწორი გარემოს განმტკიცებაში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.