სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა

სულხან თამაზაშვილი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე: კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს - საყრდენი კედელი გადაიხარა

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

მინისტრი შემთხვევის ადგილზე იმყოფება და სამაშველო ღონისძიებებს ესწრება. მისი თქმით, კორპუსის ყველა მცხოვრები ევაკუირებულია.

„სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, საყრდენი კედელი გადმოიხარა. შესაბამისად, წინა მხრიდან სამაშველო სამუშაოები შეწყდა, ხოლო მაშველები უკანა მხრიდან აქტიურად მუშაობენ. ნგრევის საფრთხე რეალურად არსებობს.

აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. აფეთქება გაზის გამათბობლის ჩართვას უკავშირდება. მოქალაქე მეხუთე სართულზე გამათბობლის ჩართვას ცდილობდა. თავადვე ამბობს, რომ ღამით ჩავრთე, შემდეგ გამოვრთეო, დილით კი ხელახლა ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ შვიდ პირს ეძებენ, ჰოსპიტალიზირებულია ოთხი ადამიანი, მათგან ერთი მცირეწლოვანია. მომხდარის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. აფეთქების ხმა დაახლოებით, დილის 9 საათზე გაისმა.