სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი: მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას
„მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველოსა და სინგაპურს ახასიათებთ გადაწყვეტილებების მიღების დიდი მოქნილობა, რაც ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს“, - განაცხადა სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრისას.
მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.
ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. მისი თქმით, ისინი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავენ.
„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აღნიშნა ჩია დერ ჯიუნმა.
სინგაპურის ფინტექფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის განსახილველად მზადყოფნაც სინგაპურულმა მხარემ უკვე გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.



