დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს აზიზბეკ ურუნოვს შეხვდა

დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს აზიზბეკ ურუნოვს შეხვდა

უზბეკეთის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარეს, აზიზბეკ ურუნოვს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ერთიანი სტანდარტების დანერგვისა და აგრარული პროდუქციით ვაჭრობის ზრდის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.

„უზბეკეთის სურსათის უვნებლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად განვიხილეთ აგრარული პროდუქციით ვაჭრობის გაღრმავების საკითხები. აგრარული სექტორის მდგრადი განვითარება და ექსპორტ-იმპორტის პოტენციალის ზრდა წარმოუდგენელია უვნებლობის მაღალი და თანამედროვე სტანდარტების მკაცრად დაცვის გარეშე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შესაბამის უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარების, ინსპექტირების თანამედროვე მექანიზმების დანერგვისა და ფიტოსანიტარული თუ ვეტერინარული კონტროლის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია ესწრებოდნენ.