შალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად იცის აშშ-ის ადმინისტრაციამ, რა არის გულწრფელი მეგობრობა საქართველოს მხრიდან და ჩვენ ველით საპასუხო ნაბიჯებს
შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში, აშშ-სთან ურთიერთობების "სუფთა ფურცლიდან" დაწყებაზე და ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შესახებ ისაუბრა.
მისი შეფასებით, საქართველო ყოველთვის იყო აშშ-სთვის სამაგალითო მეგობარი, ახლა კი საპასუხო ნაბიჯს ელოდება.
"კონტაქტები არის, კომუნიკაცია არის. ჩვენ ვაფიქსირებთ, როგორც საჯაროდ, ასევე, შეხვედრებზეც, რომ მთავარი პრობლემა რატომაც დაზიანდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იყო წინა ადმინისტრაციის უსამართლო მიდგომა. წინა ადმინისტრაცია ცდილობდა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხერხებით ხელისუფლების შეცვლას, ეს არის ფაქტი. ეს არის ფაქტი, რომელიც დაადასტურა თავად ახალმა ადმინისტრაციამ, როდესაც ჩახედა USAID-ის ხარჯებს და აღმოაჩინა, რომ ამერიკელი ხალხის ფული გამოიყენებოდა სხვადასხვა ხელისუფლებების დასამხობად და საქართველო ამის მაგალითი იყო. USAID-ის ფული სწორედაც, რომ საქართველოში ანტიდემოკრატიული გზებით ხელისუფლებების დასამხობად გამოიყენებოდა. 2020 წლის 2024 წლის არჩევნები ყველამ ვნახეთ. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ უსამართლობა გამოსწორდეს, არის სამართლიანი მიდგომა. ჩვენ ველით სამართლიან ნაბიჯებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ, ჩვენი მხრივ არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ საქართველო იყო სამაგალითო პარტნიორი ამერიკისთვის რეგიონში. მაშინ, როდესაც გაურბოდნენ ნატოს პარტნიორი ქვეყნები, ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ იდგნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამაგალითო იყო ქართველი ხალხის გვერდში დგომა აშშ-ის მიმართ. ასე, რომ ძალიან კარგად იცის აშშ-ის ადმინისტრაციამ, რა არის გულწრფელი მეგობრობა საქართველოს მხრიდან და ჩვენ ველით საპასუხო ნაბიჯებს.
ჩვენ მათ ვთავაზობთ შინაარსის მქონე სტრატეგიულ პარტნიორობას და ვთავაზობთ იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს არაერთხელ უთქვამს. ისინი ამოდიან იქიდან, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი ინტერესები და ამიტომ, ისინი ყველა ერს ეუბნებიან, თუ რა არის ამერიკელი ხალხის ინტერესები, მეორე მხარე ამბობს რა არის მათი ინტერესი, ამის შემდეგ კი არის ძიება თუ რა არის საერთო ინტერესები," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.