ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირში დაბრუნება რეფერენდუმის გარეშე „წარმოუდგენელი“ იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ევროკავშირში ქვეყნის დაბრუნება ახალი რეფერენდუმის გარეშე „წარმოუდგენელი“ იქნება. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ამით ბერნემმა ყველაზე მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ თუ ლონდონი ევროკავშირში ხელახლა გაწევრიანებას გადაწყვეტს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსახლეობის აზრი პირდაპირ უნდა გაითვალისწინოს.
პრემიერ-მინისტრი მომდევნო თვეში გეგმავს წარმოადგინოს ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების გრძელვადიანი ვარიანტები. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კი მომდევნო საყოველთაო არჩევნების შემდეგ იგეგმება. ბერნემი აცხადებს, რომ „ლეიბორისტული“ პარტიის საარჩევნო პროგრამაში განსაზღვრულ წითელ ხაზებს არ გადაუხვევს.
ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბერნემი დაასკვნის, რომ ქვეყნისთვის საუკეთესო გზა ევროკავშირში დაბრუნებაა, ის მომდევნო საარჩევნო პროგრამაში მოლაპარაკებების დაწყების მანდატის მოპოვებას გაითვალისწინებს, რის შემდეგაც საბოლოო შეთანხმების დასადასტურებლად რეფერენდუმი გაიმართება.
გასულ კვირას ბრიუსელში გამართული სამიტის შესახებ თემთა პალატაში გამოსვლისას ბერნემს ჰკითხეს, შეეძლო თუ არა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად დაედასტურებინა, რომ ახალი რეფერენდუმის გარეშე დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში არ დააბრუნებდა. „დიახ, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა“, - უპასუხა მან.
ბერნემმა კონსერვატიული პარტიის ყოფილი პრემიერ-მინისტრები წარსულში ჩარჩენილებად შეაფასა და უარყო რიში სუნაკის, დევიდ კამერონისა და ტერეზა მეის რჩევა, რომ მან Brexit-ის საკითხზე დებატები ხელახლა არ უნდა წამოჭრას.
„არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ საკითხში სწორედ მათ მოვუსმენ, რადგან მათ ბრიტანეთს Brexit-ის ცუდი შეთანხმება დაუტოვეს. ისინი წარსულში არიან ჩარჩენილი, რადგან არ სურთ იმ ცუდი შეთანხმების აღიარება, რომელიც თავად დადეს“, - განაცხადა ბერნემმა.
მისი თქმით, არ აპირებს წარსულზე ორიენტირებულ პრემიერ-მინისტრად დარჩენას და სურს, ქვეყანა უფრო იმედიანი მომავლისკენ წაიყვანოს, ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს, მოსახლეობას ცხოვრების ღირებულება შეუმციროს და ენერგეტიკული გადასახადები დასწიოს.
„ამ ყველაფრის მიღწევა ევროკავშირთან უფრო პოზიტიური და კონსტრუქციული ურთიერთობით არის შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ბრიტანეთისთვის ამ გზის არჩევა უკეთესი იქნება და არ მოვუსმენ მათ, ვინც ქვეყანა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, - აღნიშნა მან.
თუმცა მოგვიანებით, პარლამენტში გამოსვლისას, ბერნემმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან სამომავლო ურთიერთობების საკითხში „პრაგმატულ მიდგომას“ დაეყრდნობა. მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე არც კონკრეტული პოზიციაა ჩამოყალიბებული და არც წინასწარ განსაზღვრული საბოლოო მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში დაბრუნების სურვილი საჯაროდ დააფიქსირა.
„მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მსოფლიო შეიცვალა და ცვლილებას მომავალშიც განაგრძობს. ამიტომ ნებისმიერი შესაძლო ვარიანტი ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ. თუმცა, ჩემი აზრით, ყოველთვის პრაგმატულად უნდა ვიმოქმედოთ და ავირჩიოთ ის გზა, რომელიც ბრიტანეთისთვის საუკეთესო შეთანხმებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ბერნემმა.



