მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის დიალოგით, რაც კიდევ უფრო აღრმავებს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობლებს
მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, ასევე შევხვდები პრემიერ-მინისტრს, დღეს ჩემს ძვირფას კოლეგასთან, მეგობართან მქონდა შესაძლებლობა, სიღრმისეულად გვესაუბრა ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იყო მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.
„ჩვენ გვქონდა პატივი, საქართველოში გვემასპინძლა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, მაისში საქართველოს პრემიერის ვიზიტი განხორციელდა ბაქოში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების საქმეში. ასევე, გვქონდა პატივი, გვემასპინძლა აზერბაიჯანის დელეგაციისთვის და სიღნაღში გაგვემართა ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმატში შეხვედრა. ჩვენ ძალიან ხშირად გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ერთმანეთს წლის განმავლობაში არაერთ ფორმატში. 2026 წელი შინაარსის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. აღსანიშნავია ბაქო-თბილის-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის მიმოსვლის აღდგენა. მნიშვნელოვანი იყო ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მოდერნიზაციის დასრულება. ეს პროექტი არა მხოლოდ სამი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ რეგიონული მნიშვნელობა აქვს. მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი შეთანხმებები იყო ენერგეტიკის სფეროში. გაფორმებული შეთანხმებები კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს თანამშრომლობას და ხსნის ახალ შესაძლებლობებს. პოზიტიური დინამიკა გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხის თვალსაზრისით, ინვესტიციების მხრივ, თუმცა პოტენციალი არის უფრო მეტი. ამ შემთხვევაშიც, მოხარული ვიქნებით, თუ ვნახავთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.



