ნიკა გვარამია საკონსტიტუციოს თავმჯდომარეს: მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ
პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან კიდევ ერთხელ გააძევეს.
ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოკიდებულება არ მიაჩნდა სამართლიანად და კანონშესაბამისად, რადგან, მისივე შეფასებით, სასამართლომ გააუქმა ჯერ – მტკიცებულებების გამოკვლევის, შემდეგ კი კითხვა-პასუხის სტადია.
ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლო ეხმარებოდა მოსარჩელე მხარეს.
მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ვერ ამბობდა, რაში გამოიხატებოდა სასამართლოს მხრიდან მოსარჩელისადმი დახმარება. რევაზ ნადარაიამ გვარამია გააფრთხილა, რომ საუბარს თუ გააწყვეტინებდა, დარბაზიდან გააძევებდა.
„სასამართლო როცა საუბრობს, მოგწონთ თუ არა, კეთილი ინებეთ, მოუსმინეთ ბოლომდე. სხვათა შორის, გაქვთ ამის პრობლემა. როცა მხარე საუბრობს, არ შეგიძლიათ, მოუსმინოთ და დაასრულებინოთ აზრი ბოლომდე. დიახ, თქვენ ვერ ადასტურებთ, რომ მე მხარეს ვეხმარები, ის, რასაც თქვენ ამბობთ, არის სიცრუე. სასამართლოს არანაირი სტადია არ გაუუქმებია. ის, რომ სასამართლოს დაჟინებით, დარწმუნებით ეუბნებით, თითქოს სასამართლოს რა ესაქმება მხარეთა კითხვა-პასუხში, როგორ ერევა სასამართლო ამაში, ვინ უნდა ჩაერიოს, ბატონო ნიკა? სასამართლო არ უნდა ჩაერიოს? სასამართლოს მხარე ეუბნება, თურმე სასამართლო არ უნდა ჩაერიოს მხარეთა კითხვა-პასუხში, ეს ალბათ თქვენი სამართალია და თქვენთვის დაიტოვეთ. სასამართლო უნდა ჩაერიოს ზუსტად და განახორციელოს კონტროლი იმაზე, რომ არ უნდა ჰქონდეს ადგილი ერთსა და იმავე შეკითხვებს და პასუხს. უკვე სასამართლო, მხარეები აცდნენ რაციონალურ სამუშაო პროცესს, თუ არის ერთი და იგივე შეკითხვები და პასუხი, სასამართლოს ვალდებულებაა, ჩაერიოს და მოხსნას. ის, რომ თქვენ უნდა მოგენიჭოთ უპირატესობა, არ არის სასამართლოს ვალდებულება. თქვენ ითხოვთ, მოგენიჭოთ უპირატესობა. ის, რაც თქვენთან მიმართებით არ გაუკეთებია სასამართლოს, ნუ ითხოვთ მოსარჩელესთან მიმართებით. თქვენ ითხოვთ, გინდა თუ არა, დააძალეთ მხარეს, გამცეს ესა თუ ის პასუხი. მხარის პასუხი არის ის, რაც არის და თქვენ უნდა შეაფასოთ დასკვნით სიტყვაში. მხარემ თუ არ გაგცათ პასუხი, გაგცათ სუსტი პასუხი ან საერთოდ არ გაგცათ, ამას უნდა მისცეთ შეფასება და თქვენს შეფასებას შემდგომ სასამართლო მისცემს შეფასებას. აქ არ არის დაკითხვა და ხელების გადაგრეხა, გინდა თუ არა, მე რაც მინდა, ის პასუხი გამეცით, მხარეს რომ ეუბნებით. თქვენ მიმართ ვინმეს რომ ეს განეხორციელებინა, ყველას წარმოუდგენია, რას დაიწყებდით და რა ტიპის განცხადებები გაკეთდებოდა. თქვენ თქვით უკვე სათქმელი ზედმეტად ემოციურად, იტყუებით ერთმნიშვნელოვნად“, – მიმართა რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას.
ამის შემდეგ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ რევაზ ნადარაია გასულია პროცესიდან და ზედმეტის უფლებას აძლევდა თავს.
„სიტყვები შეარჩიეთ, როცა მესაუბრებით. პროცესიდან გასული ხართ უკვე. გადიხართ პროცესიდან ამ სიტყვებით – იტყუები, სიცრუეა, ყვირი, ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თავს. თქვენ მოსამართლე ხართ და გაქვთ საპროცესო შესაძლებლობები, ჩემთან ილაპარაკოთ, მაგრამ არ არის თქვენი საქმე, რასაც აკეთებთ. ნურც ლექციას მიკითხავთ, თან ჩემთვის უშინაარსოს, რადგან არაფერში გეთანხმებით და ნურც უზრდელურ რაღაცებს მეუბნებით. ეს არ არის თქვენი უფლება, არც კანონი განიჭებთ, არც კონსტიტუცია და არც მე გაძლევთ პირადად. გასაგებია თქვენთვის? იმედია, რომ გასაგებია“, – განაცხადა გვარამიამ.
საპასუხოდ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან ეს იყო თავხედური და უზრდელური განცხადებები.
„ბატონო ნიკა, იტყუებით, ცრუობთ“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ნიკა გვარამიამ კი რევაზ ნადარაიას მიმართა, მოქცეულიყო ისე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მანტიას შეესაბამება.
„რა ლექსიკონსაც იყენებთ, ეს არ არის მოსამართლის ლექსიკონი, საკონსტიტუციო სასამართლოს მანტიის ღირსების დაცვა, ახლა თქვენ უბრალოდ მე მირჩევთ საქმეს. თუ მიგაჩნიათ, რომ პროცესს ვარღვევ, მოგეცათ პროცესუალური განმარტებები, მაგრამ რომელი პროცესუალური განმარტებაა – იტყუებით, სიცრუეა, ის ქენით, ეს ქენი“, – განაცხადა გვარამიამ.
რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოს.
„ანუ, თქვენ გაქვთ უფლება, შეურაცხყოფა მიაყენოთ სასამართლოს, უთხრათ, რომ ცრუობთ, ეხმარებით მხარეს. ყველანაირ ზღვარს გადააჭარბეთ და გაძევებული ხართ. დიდი შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოს. თქვენი ადგილი სასამართლო სხდომის დარბაზში არ არის“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.
ნიკა გვარამიამ რევაზ ნადარაიას სამარცხვინო უწოდა.
„ლამის მაგინებთ პროცესზე და კიდევ მე მაძევებთ? რა გინდათ, რომ პასუხი არ გავცე? თქვენი ადგილი არ არის სასამართლო სხდომის დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში, ამნისტირებული ადამიანი მაინც არ დამიჭერია, ამნისტირებული. სამარცხვინო კაცი ხარ. მეგრელი ეგეთი ცხოვრებაში არ მინახავს. მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ მაგაზე, როგორც მოგეთხოვება პასუხი უკანონო პატიმრობისთვის, ისე მოგეთხოვება ახლა. სირცხვილია, რასაც აკეთებთ. არ შეგრჩება ეგ ნაძირლობა, დაელოდე. უკანონო პატიმრობისთვისაც აგებ პასუხს, საქმე რომ უდევს პროკურატურას და მაგიტომ რომ ზიხარ მანდ ეგრე, მაგისთვისაც აგებ პასუხს. ამნისტირებული კაცი რომ ციხეში გაუშვი“, – მიმართა გვარამიამ რევაზ ნადარაიას.
საპასუხოდ რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას აქვს ზრდილობის და ქცევის პრობლემა. ნადარაიმ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყველა მხარის მიმართ ერთი და იმავე წესები ვრცელდება.
„ყველანი ხართ თანასწორი, მაგრამ არ უნდა ბატონ გვარამიას თანასწორობა“, – აღნიშნა რევაზ ნადარაიამ.
პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლო პროცესიდან ნიკა გვარამია პირველად 11 ნოემბერს გააძევეს შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ნიკა გვარამიას იმავე დღეს სხდომაზე დაბრუნების ნება დართო და განაცხადა, რომ სასამართლო მას კიდევ ერთხელ აძლევდა შანსს.



