მისისიპის სანაპიროსთან თვითმფრინავის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა ორი ბავშვი

მისისიპის სანაპიროსთან თვითმფრინავის ჩამოვარდნას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორისაა ორი ბავშვი

აშშ-ის მისისიპის შტატის სანაპიროსთან, მექსიკის ყურეში, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, იუწყება Associated Press-ი აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით.

სამაშველო ჯგუფის მყვინთავებმა ცხედრები თვითმფრინავის კორპუსში იპოვეს. Cessna 210 ტიპის თვითმფრინავი მექსიკის ყურეში, მისისიპის ქალაქ პასკაგულასა და ჰორნ-აილენდს შორის ჩამოვარდა. ბორტზე ოთხი ზრდასრული და ორი ბიჭი - 8 და 10 წლის ბავშვები იმყოფებოდნენ.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლის ხუან როსის განცხადებით, ადგილობრივმა საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკურამ თვითმფრინავთან კავშირი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:45 საათზე დაკარგა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად მაშველებმა წყლის ზედაპირზე მხოლოდ სამი სამაშველო ჟილეტი, სამაშველო ტივი და თვითმფრინავის სალონი აღმოაჩინეს.

თვითმფრინავი ნიუ-ორლეანიდან ფლორიდის შტატის ქალაქ ფორტ-მაიერსისკენ მიფრინავდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის მობილური სამძებრო-სამაშველო სამსახურის კოორდინატორმა, მეთაურმა ტრევორ ბლაუნტმა მომხდარს ტრაგედია უწოდა.

შემთხვევის მიზეზებს აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო გამოიძიებენ.